Project Description

მოკლე აღწერა:

ამ მოდულში გესაუბრებით COVID19-ის შესახებ, მათ შორის – ვირუსზე, რომელიც იწვევს ამ დაავადებას; ასევე, მის ზოგიერთ ნიშანსა და სიმპტომებზე და, იმაზე, თუ როგორ ვრცელდება ის ადამიანებს შორის. ამ ლექციაში გვსურს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილოთ. ლექციის დასასრულს, თქვენ შეძლებთ აღწეროთ იმ დაავადების გამომწვევი ვირუსი, რომელსაც ჩვენ COVID19 – ის ვუწოდებთ, მისი წარმოშობა, მისი კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების ამოცნობა და, ამასთან ერთად, იმსჯელოთ მწვავე დაავადების განვითარების რისკფაქტორებზეც. თქვენ შეძლებთ აღწეროთ, თუ როგორ ხდება COVID19 – ით დაავადებული ადამიანის დიაგნოსტიკა და როდისაა ის გადამდები. მნიშვნელოვანია, ასევე,  იმის აღწერა, თუ როგორ გადაეცემა ეს ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეს და რა სიხშირით.

ვიდეოს ქვემოთ მოცემულია ორი პდფ ფაილი, რომელთა ჩამოტვირთვის საშუალებაც გაქვთ, ესენია, აუდიო ლექციის ტრანსკრიპტი და პრეზენტაცია. ასევე მოცემულია ტესტის ბმული, რომელიც ლექციის დასრულების და შესწავლის შემდეგ უნდა შეავსოთ.

  • ავტორი: ემილი გარლი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი

  • რეიტინგი: ★ ★ ★ ★ ★

  • ენა: ქართული

  • გამოცემის წელი: 2020

ვიდეო 1: SARS

მოდული 1

ემილი გარლი:  გამარჯობა,  მე  გახლავართ  ემილი  გარლი,  გადამდები  დაავადებების ეპიდემიოლოგი. ვმუშაობ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში. დღეს გესაუბრებით COVID19-ის შესახებ, მათ შორის – ვირუსზე, რომელიც იწვევს ამ დაავადებას; ასევე, მის ზოგიერთ ნიშანსა და სიმპტომებზე და, იმაზე, თუ როგორ ვრცელდება ის ადამიანებს შორის. ამ ლექციით გვსურს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილოთ. ლექციის დასასრულს, თქვენ შეძლებთ აღწეროთ იმ დაავადების გამომწვევი ვირუსი, რომელსაც ჩვენ COVID19-ს ვუწოდებთ, მისი წარმოშობა, მისი კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების ამოცნობა და, ამასთან ერთად, იმსჯელოთ მწვავე დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორებზეც. თქვენ შეძლებთ აღწეროთ, თუ როგორ ხდება COVID19-ით დაავადებული ადამიანის დიაგნოსტიკა და როდისაა ის გადამდები. მნიშვნელოვანია, ასევე,   იმის აღწერა, თუ როგორ გადაეცემა ეს ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეს და რა სიხშირით.

მოდით, ახლა COVID19-ის   გამომწვევ ვირუსზე ვისაუბროთ. ეს არის კორონავირუსი, რომელიც ვირუსების დიდ და მრავალფეროვან ჯგუფს მიეკუთვნება.  მათ დასანახად კი ჩვენ მძლავრი მიკროსკოპი გვჭირდება. კორონა ნიშნავს გვირგვინს. როგორც მოცემულ სლაიდზე ხედავთ, ვირუსი თითქოს გარშემორტყმულია გვირგვინით და ამიტომ მოიხსენიებენ მას ამ სახელწოდებით. არსებობს მრავალი სხვადასხვა ტიპის კორონავირუსი, რომელთაც ძუძუმწოვრებისა და ფრინველების დიდი ჯგუფის დაინფიცირება შეუძლიათ. ზოგიერთი მათგანი მსუბუქ რესპირატორულ დაავადებასაც კი იწვევს ადამიანებში ყოველწლიურად. შესაბამისად, ისინი არახალია, COVID19-ის გამომწვევი ვირუსი კი ახალია, ამიტომ, მოდით, ვისაუბროთ, მისი წარმოშობის შესახებ.

COVID19-ის გამომწვევ ვირუსს ჩვენ SARS კორონავირუს 2-ს (SARS-CoV-2) ვუწოდებთ. ის ღამურებში გამოვლინდა. ისინი ამ ვირუსის ბუნებრივი მტარებლები და გადამცემები არიან, თუმცა ვირუსმა განსაკუთრებული უნარი შეიძინა – უნარი, ‚გადამხტარიყო‘ სხვადასხვა          სახეობებს          შორის,          და          დაეინფიცირებინა          ადამიანები. შემდეგ, მან კიდევ ერთი განსაკუთრებული უნარი                   შეიძინა,                   გავრცელე- ბულიყო ადამიანებს შორის და სწორედ ამან გამოიწვია პანდემია, რომლის პირობებშიც გვიწევს ცხოვრება. ასეთი ტიპის უნარი, რომელიც ზოგიერთ კორონავირუსს ახასიათებს, ასევე,  არახალია.  ესაა  ჩვენთვის  უკვე  2002 წლიდან  ცნობილი  მესამე  კორონავირუსი, რომელმაც მსგავსი თვისებები შეიძინა. ყველა ეს კორონავირუსი გამოვლინდა ღამურებში, ახლა კი ადამიანების დაინფიცირება და მათ შორის გავრცელება შეუძლია. ამ ვირუსებიდან პირველს – „მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი“ ეწოდება, იგივე SARS   კორონავირუსი, ანუ პირველი SARS   კორონავირუსი. ის 2002 წელს ჩინეთში, გუანგდონგში გამოვლინდა. შემდეგი ვირუსი, რომელსაც იგივე უნარი აღმოაჩნდა, იყო

„შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი-კორონავირუსი“ ე.წ. MERS-ი. ის შუა აღმოსავლეთში გამოვლინდა 2012 წელს და დღემდე იწვევს ადამიანების დაინფიცირებას და მცირე აფეთქებებს. ახალი SARS-COV-2, 2019 წლის ბოლოს ჩინეთში, ქ. ვუჰანში დაფიქსირდა და, რადგან ეს ვირუსი მსგავსია  პირველი SARS  კორონავირუსის,

მას SARS-COV-2 ეწოდა. სურათზე ყვითლად ხედავთ SARS კორონავირუსების გამოსვლას უჯრედიდან. ვირუსები უჯრედებში ცხოვრებენ და იქვე მრავლდებიან, შემდეგ კი იწყებენ სხვა უჯრედების დაინფიცირებას ორგანიზმში.

VIDEO 2: პათფიზიოლოგია

სპიკერი: მოდით, ახლა SARS-CoV-2-ის პათფიზიოლოგიაზე ვისაუბროთ. პათფიზიოლოგიის ქვეშ კი ვგულისხმობთ, თუ რა ემართება SARS-CoV-2-ით
დაინფიცირებულ პირს? ბევრი მათგანი ავადდება ინფექციით, რომელსაც ჩვენ COVID-19-ს  ვუწოდებთ, და რომელიც 2019  წელს წარმოშობილი  კორონავირუსული  დაავადების სახელწოდების შემოკლებული ვარიანტია. ყველა, ვინც SARS-CoV-2-ით ინფიცირდება, არ ხდება ავად. ამიტომ ყველას არ უვითარდება დაავადებისათვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორი სიმპტომები ექნებათ მათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გახდებიან ავად. ჩვენ გვაინტერესებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება მათი ავადმყოფობა და, შესაბამისად, ამაზეც ვისაუბრებთ. მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, თუ რა დროის განმავლობაში, სად და როგორ ავრცელებენ ადამიანები ამ ვირუსს და რამდენი ხნის განმავლობაში შეუძლიათ სხვების დაინფიცირება;      ეს ის სხვადასხვა ფაქტორია, რომლებიც SARS-CoV-2-ით დაინფიცირებული ადამიანის შესახებ უნდა ვიცოდეთ.

ახლა ვისაუბროთ დაავადების ნიშნებსა და სიმპტომებზე. ალბათ, ეს სიტყვები აქამდეც არაერთხელ გსმენიათ, თუმცა, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ რა განსხვავებაა მათ შორის. დაავადების ნიშანი გახლავთ ავადმყოფობისთვის დამახასიათებელი ობიექტური საზომი, რომლის ამოცნობაც შესაძლებელია ფიზიკური დათვალიერების დროს. მაგალითად, ცხელება დაავადების ნიშანია, მისი დადგენა შეიძლება ტემპერატურის გაზომვით. გახშირებული სუნთქვაც ნიშანია, შესაძლებელია იმის დათვლა, თუ რამდენჯერ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს ადამიანი ერთი წუთის განმავლობაში, რითიც დგინდება, უფრო სწრაფია თუ არა ის ჩვეულებრივთან შედარებით. სიმპტომების ობიექტურად გაზომვა კი შეუძლებელია, რადგან ჩვენ მხოლოდ ის მონაცემები გვაქვს, თუ როგორ აღწერს პაციენტი თავის შეგრძნებებს. მაგალითად, სისუსტე სიმპტომია. ამ დროს ადამიანი ძლიერ დაღლილობას გრძნობს. გულისრევაც სიმპტომია, ეს ის შეგრძნებაა, რომლის გაზომვაც შეუძლებელია. ყნოსვისა და გემოს დაკარგვაც ადამიანის მიერ აღწერილი სიმპტომია, ამ ცვლილებას ის თავად ამჩნევს და აღნიშნავს, მისი ამოცნობა ფიზიკური დათვალიერებისას შეუძლებელია. იგივეა კუნთის ტკივილის შემთხვევაშიც. ცხელება ნიშანიცაა და სიმპტომიც, მას შეიგრძნობს ადამიანი და, ამავდროულად მისი გაზომვა შეუძლია სხვასაც. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს ზოგადი განმარტებები.

ახლა კი COVID19-ის ნიშნებსა და სიმპტომებზე ვისაუბროთ. ეს დაავადება უჩვეულოა, რადგან მას მრავალი სხვადასხვა ნიშნისა და სიმპტომის გამოწვევა შეუძლია. ეს კი მის კლასიფიცირებას ართულებს. როგორც უკვე ვახსენეთ, ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ აქვს  სიმპტომები.  ამას  ასიმპტომური  შემთხვევა  ჰქვია,  რაც  ნიშნავს,  რომ  შეიძლება

ადამიანს  ჰქონდეს  COVID-19,  მაგრამ  თავს ჯანმრთელად  გრძნობდეს  და  ვერასდროს გაიგოს ამის შესახებ. ასევე შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ეს დაავადება მსუბუქი ფორმით და არც მან მიმართოს დახმარებას, რადგან   თავს გრძნობდეს ისე, როგორც უბრალო გაციების, ძალიან სუსტი ციებ-ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების დროს. ზოგიერთ ინფიცირებულს კი შეიძლება დაავადება ძალიან მწვავედ განუვითარდეს. ისინი თავს ძალიან ცუდად იგრძნობენ და, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევში ავადმყოფობა სიკვდილით დასრულდეს. შესაბამისად, ამ ინფექციისთვის დამახასიათებელია ნიშნებისა და სიმპტომების ფართო სპექტრი. იმ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებსაც გამოუვლინდათ ნიშნები და სიმპტომები, შეგვიძლია COVID19-ისათვის დამახასიათებელი გარკვეული საერთო მახასიათებლები გამოვყოთ. ბევრ მათგანს აღენიშნება ცხელება. ბევრი გრძნობს ძლიერ დაღლილობას, სისუსტეს. მათ შეიძლება აღენიშნებოდეთ კანკალი (შემცივნება), რომელიც ხშირად ახლავს ციებ- ცხელებას. ზოგიერთი ადამიანი იგრძნობს კუნთების ტკივილს, ზოგს კი დაეწყება ხველა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ COVID-19 რესპირატორული დაავადებაა, რომლის ხსენებისას ხველება გვახსენდება, მაგრამ, ვისაც  COVID-19 აქვს, ყველა არ ახველებს.

COVID-19-ით ინფიცირებულთაგან ბევრი აღნიშნავს, რომ მათ ცოტა ხნის წინ დაკარგეს გემოს და ყნოსვის შეგრძნება. ზოგიერთს სუნთქვა უჭირს და    ისინი სუნთქვის უკმარისობას უჩივიან. ეს COVID-19-ის უფრო რთული სიმპტომებია. ინფიცირებულთა ნაწილს   აღენიშნება თავისა და ყელის ტკივილი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ COVID-19-ით დაავადებულ ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ  მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ნიშანი და სიმპტომი, ხოლო ზოგიერთს – ყველა, ერთად აღებული. შესაბამისად, არ არსებობს   COVID-19-ის განმარტების მხოლოდ ერთი მართებული ფორმა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ყველა შესაძლო ნიშანი და სიმპტომი, რომლებიც შეიძლება ინფიცირებულ ადამიანებს ჰქონდეთ. COVID-19-ის ბევრი სიმპტომი თუ ნიშანი, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, არის არასპეციფიკური. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სხვა ინფექციებსაც ახასიათებს. ციებ-ცხელება, ხველა, მიალგია, ანუ კუნთის ტკივილი, ბევრი სხვადასხვა ტიპის ინფექციებისთვისაა დამახასიათებელი. ამიტომ ადამიანებს ასეთი ნიშნებითა და სიმპტომებით შეიძლება ჰქონდეთ COVID-19, თუმცა ამის დადგენა რთულია ტესტის გარეშე. ზოგიერთი ნიშანი და სიმპტომი უფრო სპეციფიკურია COVID-19-

ისათვის. როგორც ვახსენე, ესაა გემოსა და ყნოსვის შეგრძნებების დაკარგვა. პაციენტების

1/3 სწორედ ამას უჩივის, შესაბამისად ეს მეტად ახასიათებს COVID-19-ს, და ძალიან იშვიათია სხვა ტიპის ინფექციების დროს. ზოგიერთი ნიშანი და სიმპტომი კი დაავადების გამწვავებასა და პროგრესირებას გვამცნობს. მათი ამოცნობა მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც ადამიანებს ასეთი ნიშნები და სიმპტომები აქვთ, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს, სასწრაფოდ მიმართონ დახმარებას.

ინფექციის პროგრესირების ყველაზე გავრცელებული ნიშნებია მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება. ყველა, ვინც ასეთ ნიშნებსა და სიმპტომებს უჩივის, უნდა დაუკავშირდეს ექიმს. პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სასწრაფო დახმარებას, თუ მათ აღენიშნებათ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი, მათ შორის – გალურჯებული ტუჩები ან სახე, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ მათ არ

მიეწოდებათ საკმარისი ჟანგბადი. ასევე, თუ მათ აღენიშნებათ სუნთქვის გახშირება, რაც ნიშნავს რომ ჩვეულებრივზე სწრაფად სუნთქავენ, ანდა, ჰაერის უკმარისობისას, როდესაც, გახშირებული, სწრაფად სუნქვის მიუხედავად, აქვთ შეგრძნება, თითქოს საკმარისი ჰაერის ჩასუნთქვას ვერ ახერხებენ.   თუ ვინმე სუნთქვისას გულ-მკერდის ტკივილს გრძნობს, ეს სერიოზული სიმპტომია და მათ სასწრაფოდ უნდა მიმართონ დახმარებას. მსგავსად უნდა მოიქცნენ ისინი, ვისაც ეღვიძება იმის გამო, თითქოს ვერ ისუნთქავს   საკმარის   ჰაერს.   ნებისმიერმა   ადამიანმა,   რომელსაც   განუვითარდება

„დაბნეულობა“, მაგალითად, ეშლება წარსული ან ერევა მიმდინარე მოვლენები თუ ადამიანები, ან უჭირს გამოფხიზლება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას. ყველა ეს ნიშანი გვამცნობს, რომ პაციენტი ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს, რაც ძალიან მწვავე მდგომარეობაა და საჭიროებს მედიკოსთა ჩარევას.

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ COVID-19 იწვევს მწვავე დაავადებასა და ზოგ შემთხვევაში სიკვდილს, არის ფილტვის შეშუპება. ორგანიზმს ჟანგბადი ფილტვების მეშვეობით მიეწოდება და თუ ფილტვები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს, ჩვენ ვერ ვიღებთ საკმარის ჟანგბადს. სლაიდზე მარცხენა მხარეს ხედავთ ჯანმრთელ ფილტვებს, და იმას, თუ როგორ გამოიყურება მისი ქსოვილი. როგორც ხედავთ, გარკვეული ველი მუქად ჩანს, რაც გვაჩვენებს, რომ ქსოვილი ჯანმრთელია. მარჯვნივ კი ხედავთ ფილტვებს, რომლებიც ეკუთვნის COVID-19-ის მძიმე ფორმის მქონე ადამიანს.წითლად მონიშნულია ფილტვის იგივე ფართობი, რომელიც მარცხნივაა გამოსახული, განსხვავება ის არის, რომ

ის თეთრია, ნაცვლად მუქისა. ეს გვიჩვენებს, რომ ქსოვილი ძალიან დაზიანებულია ვირუსის მიერ და, რომ ადამიანს ძალიან უჭირს სუნთქვა, რადგან მის ორგანიზმს არ მიეწოდება საკმარისი ჟანგბადი. ეს გვაჩვენებს, თუ რა შეუძლია ვირუსს და როგორ იწვევს

ის მწვავე დაავადებას და ზოგჯერ – სიკვდილსაც.

მოდით ახლა COVID-19-ის ინკუბაციურ პერიოდზე ვისაუბროთ. ამ ტერმინის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან მას ხშირად შეხვდებით ამ კურსის მსვლელობისას. ინკუბაციური პერიოდი არის დრო დასნებოვნების მომენტიდან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენამდე. ამას, როგორც წესი, რამდენიმე დღე სჭირდება. COVID-19-

ის ინკუბაციური  პერიოდი  2-დან  14  დღემდე  გრძელდება.  შესაბამისად, დაინფიცირებული  ადამიანების  უმრავლესობას  ნიშნები  და სიმპტომები დაინფიცირების შემდეგ 2-დან 14-დღემდე გამოუვლინდებათ. სურათზე ხედავთ დაინფიცირების შემდეგ ადამიანების თანაფარდობას ყოველ მომდევნო დღეს სიმპტომების განვითარების მიხედვით: დაინფიცირებული ადამიანების 5%-ს, ვირუსის ნიშნები გამოუვლი ნდებათ ორი დღის თავზე , ანუ ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს, ხოლო      ½-ს      სიმპტომები      მეხუთე      დღემდე      განუვითარდება;       შესაბამისად, დაინფიცირებიდან  5  დღეში  ადამიანების  50%-ს,  ხოლო  14  დღეში  კი  95%-ს  ექნება ავადმყოფობის გამოკვეთილი ნიშნების და სიმპტომები.

კარგი, მოდით ახლა გადამდებლობის (იგივე ინფექიური) პერიოდი განვიხილოთ. ეს მნიშვნელოვანი ტერმინია, რომლის ცოდნაც მთლიანი კურსის განმავლობაში დაგჭირდებათ. გადამდებლობის პერიოდი არის დრო, როდესაც ინფიცირებულ ადამიანს

შეუძლია ვირუსის სხვებისთვის გადაცემა. COVID-19-ით დაავადებული ადამიანებისთვის გადამდებლობის  პერიოდი  იწყება  ნიშნებისა  და  სიმპტომების  გამოვლენამდე  ორი დღით ადრე და მათ შეუძლიათ სხვა ადამიანების დაინფიცირება მანამ, სანამ არ დასრულდება ავადმყოფობა. გადამდებლობის პერიოდის დასასრულად მივიჩნევთ ავადმყოფობის დაწყებიდან მინიმუმ მე-10 დღეს. თუკი სიმპტომებიც ალაგდა და ინფექციის წყაროს არ ჰქონია სიმპტომები დამატებით 72 საათის განმავლობაში, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ის აღარ არის გადამდები. შესაბამისად, საკმაოდ რთულია გადამდებლობის პერიოდის დასრულების ზუსტად განსაზღვრა, მაგრამ არსებობს რამდენიმე მაჩვენებელი, რომელთაც ვიყენებთ იმის დასადგენად, რომ პირი შესაძლოა გადამდები აღარ იყოს. როგორც ვიცით, SARS-CoV-2-ით დაინფიცირებულ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება არც ერთი სიმპტომი არ გამოუვლინდეს. მართალია, ისინი ასიმპტომურები არიან, მაგრამ შესაძლოა მაინც იყვნენ ინფექციის გამავრცელებლები და გადასდონ სხვას. ასეთი შემთხვევებისთვის გადამდებლობის პერიოდის განსაზღვრა უფრო რთულია ისევე, როგორც იმის დადგენა, თუ როდის დააინფიცირეს სხვა. მაგრამ, როგორც წესი, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს პერიოდი დაახლოებით 10-დან 14 დღემდე გრძელდება; ასევე, უნდა დავუშვათ, რომ ეს პერიოდი დაიწყო მანამ, სანამ მათ გაიკეთეს ტესტი, რომელმაც აჩვენა, რომ ისინი ინფექციის წყარო არიან და გრძელდება ტესტირების შემდეგ მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.

ახლა განვიხილოთ ინფექციის ვადები იმ ტერმინების გამოყენებით, რომლებიც შევისწავლეთ: საინკუბაციო პერიოდი და გადამდებლობის პერიოდი.  თავდაპირველად ვხედავთ, რომ ერთი ადამიანი დაინფიცირებულია მეორის მიერ. შემდეგ, იწყება მისი საინკუბაციო პერიოდი. ადამიანი დაინფიცირებულია, მაგრამ დაავადების ნიშნები ან სიმპტომები ჯერ არ გამოვლენია. შესაძლოა, მათ არ იცოდნენ, რომ დაინფიცირებულნი არიან. გახსოვდეთ, რომ საინკუბაციო პერიოდი შეიძლება 2-დან 14 დღემდე გაგრძელდეს, მაგრამ საშუალოდ ხუთ დღეს მოიცავს. საინკუბაციო პერიოდი სურათზე ნარინჯისფერი ხაზითაა აღნიშნული. ამ პერიოდის ბოლოს, რომელიც საშუალოდ ხუთ დღეს გრძელდება, მაგრამ შეიძლება 14 დღემდე გაგრძელდეს, მათ გამოუვლინდებათ დაავადების ნიშნები და სიმპტომები. ადამიანებისთვის, რომლებსაც დაავადება მსუბუქი ფორმით აქვთ, ავადმყოფობა დაახლოებით ათ დღეს გასტანს. მათთვის, ვინც უფრო მძიმედ არის, შეიძლება ორ კვირას გაგრძელდეს ან მეტ ხანსაც. ახლა, მოდით, განვიხილოთ, თუ როდის არის ადამიანი გადამდები, ან როდის შეიძლება გადასცეს ვირუსი სხვას? სურათზე ყვითლად ხედავთ, რომ ადამიანი, რომელსაც სიმპტომები მე-14 დღეს განუვითარდა, გადამდები უკვე მე-12 დღიდან იყო; გადადების ყველაზე დიდი რისკი კი სიმპტომების დაწყების პირველ დღეზე, ანუ ამ შემთხვევაში მე-14 დღეზე მოდის.

ის დღე, როდესაც ინფიცირებული პირები პირველად შეამჩნევენ, რომ ავად არიან, პირველად იგრძნობენ თავს ცუდად, არის სწორედ ის დღე, როდესაც ყველაზე გადამდებია ადამიანი და ყველაზე დიდია შანსი, რომ სხვას გადასცენ ინფექცია; შესაძლოა ისინი გადამდები დარჩნენ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ავადმყოფობის ნიშნები და სიმპტომები ექნებათ. ეს მინიმუმ ათ დღეს გაგრძელდება,

შეიძლება, მეტ ხანსაც. განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იქნებიან გადამდები ის ადამიანები, რომლებსაც დაავადების მძიმე  ფორმა აქვთ.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რამდენიმე მთავარი საკითხი: ადამიანებს შეუძლიათ სხვების დაინფიცირება მანამ, სანამ თავად გახდებიან ავად, სანამ გაიგებენ, რომ ავად არიან; განსაკუთრებით კი იმ დღეს, როდესაც ცუდად იგრძნობენ თავს. შესაძლოა ისინი გადამდები იყვნენ და გადასცემდნენ ინფექციას სხვებს ავად ყოფნის პერიოდში იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მათი ავადმყოფობა გაგრძელდება, ამიტომ დროის ეს მონაკვეთი განსხვავებული იქნება სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში, მაგრამ, სულ ცოტა, ათ დღეს გასტანს.

VIDEO 3: მძიმე დაავადების განვითარების რისკფაქტორები

სპიკერი 1: COVID-19-ით დაინფიცირებულ ადამიანებს შორის ზოგიერთი   შეიძლება დაავადების მძიმედ განვითარების რისკ-ჯგუფში მოხვდეს. მოდით, ვისაუბროთ ამ რისკების შესახებ. დაინფიცირების შემთხვევაში მძიმე დაავადების განვითარების ალბათობა ბევრად მაღალია გარკვეული ადამიანებისთვის, მაგალითად, სხვებზე მეტად სავარაუდოა, რომ 65 წელს ზევით ასაკოვანი ადამიანები დაავადდნენ COVID-19-ის მძიმე ფორმით. ეს რისკები კი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. მაშ, რაც უფრო ასაკოვანი ხარ, უფრო სავარაუდოა, რომ დაავადების მძიმე ფორმა დაგემართება. ადამიანები, რომლებსაც ჭარბი წონა აქვთ, ასევე მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში შედიან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც COVID-19-ის მძიმე ფორმა აქვს, ახალგაზრდა და სრულიად ჯანმრთელია. ამიტომ, არ მინდა შეგექმნათ წარმოდგენა, თითქოს ყველა მძიმედ დაავადებული ასაკოვანია ან სხვადასხვა ქრონიკული ავადმყოფობის მქონე პირია. არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები და სრულიად ჯანმრთელი ადამიანები ძალიან მძიმედ ავადდებიან, თუმცა ასეთი ავადმყოფების რაოდენობა მცირეა. ასევე ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბავშვებს შეხვდეთ მძიმე ფორმა, თუმცა ხანდახან ასეც ხდება. ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ზრდის COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების რისკს, გახლავთ: დიაბეტი, ჰიპერტენზია, ფილტვის ნებისმიერი დაავადება, როგორებიცაა: ასთმა, ემფიზემა ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD). ადამიანები, რომლებსაც აქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმელის ნებისმიერი სახის პათოლოგია, ასევე COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან. მსგავსი საფრთხე ემუქრებათ ადამიანებს დასუსტებული იმუნური სისტემით. ზოგიერთ ადამიანს    იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს, რადგან ისინი გარკვეულ მედიკამენტებს იღებენ, რომლებიც იმუნურ სისტემაზე მოქმედებენ, მაგალითად, როგორებიცაა სტეროიდები ან სხვა. თუ ვინმეს აქვს და მკურნალობს აივ ინფექციას და, შესაბამისად, ეს დაავადება კონტროლირებადია, მაშინ მათთვის COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების რისკები საგრძნობლად მაღალი არ არის.

ახლა COVID-19-ით გამოწვეულ სიკვდილზე ვისაუბროთ. როგორ კლავს ეს დაავადება? პირველ რიგში, თუ ფილტვები ვერ გამოჯანმრთელდა, თუ ვირუსი ძალიან დააზიანებს მათ და პაციენტი ვერ სუნთქავს დამოუკიდებლად, მაშინ COVID-19-მა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ჟანგბადის ნაკლებობაც ერთ-ერთი გამომწვევია ფატალური დასასრულის. თუ ფილტვები არ ფუნქცინირებს როგორც საჭიროა, ორგანიზმი ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს, რასაც ბევრი სხვა ორგანოს სისტემის დაზიანება შეუძლია. ადამიანებს კი გადარჩენისთვის თითოეული მათგანის ფუნქციონირება გვჭირდება. ორგანოების დაზიანებამ შესაძლოა გაზარდოს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკი, მწვავედ დააზიანოს თირკმელის ფუნქცია, გამოიწვიოს სისხლის შედედების პათოლოგია. ასეთი დარღვევები კი ზრდის COVID-19-ით სიკვდილის რისკებს.

ზოგიერთი ადამიანი უფრო მაღალი რისკის ჯგუფშია, ვიდრე სხვები. ეს, როგორც წესი, ინფიცირებამდე არსებულ ჯანმრთელობაზე და, ასევე, სამედიცინო სერვისებთან ხელმისაწვდომობაზეც არის დამოკიდებული. შესაბამისად, თუ ვინმე COVID-19-ით დაინფიცირდა, მაგრამ არ შეუძლია ავადმყოფობის დასაწყისში მიიღოს დახმარება, ის უფრო მეტადაა სიკვდილის რისკის ქვეშ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ავადმყოფობის მძიმე ფორმა განუვითარდებათ, სწრაფად მიიღონ შესაბამისი დახმარება. COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილი ახალგაზრდებსა და ჯანმრთელ ადამიანებში იშვიათია, მაგრამ, სამწუხაროდ, შესაძლებელი. COVID-19-ით ინფიცირებულ ასაკოვანთა შორის გარდაცვალების მეტი შემთხვევაა და, რაც უფრო ხანდაზმულია დაავადებული, სიკვდილის რისკიც იზრდება. აშშ-ში, COVID-19-ით დაავადების შემთხვევაში, 65 – 75 წლის ადამიანების 2% – 5%-მდე, სავარაუდოდ, ვერ გადარჩება. რისკი 4 – 10 %-მდე იზრდება მათთვის, ვინც 75 – 86 წლამდეა, და 10%-ზე მეტია მათთვის, ვინც 85 წელსაა გადაცილებული. სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები ინფექციისგან დაცულ გარემოში იყვნენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია და ვცადოთ შევამციროთ ვირუსის გადაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასეთი მაღალი რისკის შემცველ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთნებიან.

ამჟამად არ გვაქვს COVID-19-ის მკურნალობის კონკრეტული წამალი ან მეთოდი. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ძალიან, ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოაჩინონ წამალი. დღეს, ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე კარგი მკურნალობა    არის, დავეხმაროთ ორგანიზმს, რომ იმუნურმა სისტემამ შეძლოს ინფექციასთან შებრძოლება.  ფილტვის დაავადების მქონე ბევრი პაციენტი საჭიროებს მექანიკურ ვენტილაციას. ამისთვის არსებობს სასუნთქი აპარატი. ჩვენ მას ვენტილატორს ვუწოდებთ. ის ეხმარება პაციენტს სუნთქვაში, სანამ მისი ორგანიზმი ინფექციას ებრძვის. მექანიკური ვენტილაცია სჭირდებათ ადამიანებს, რომ მათმა ფილტვებმა განარგრძონ მუშაობა, რათა ორგანიზმმა მიიღოს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი, სანამ ის იბრძვის ვირუსის წინააღმდეგ. ამჟამად ეს ჩვენს ხელთ არსებული მკურნალობის საუკეთესო მეთოდია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც  COVID-19-ის მძიმე ფორმა აქვთ.

VIDEO 4: COVID-19-ის დიაგნოსტიკა

სპიკერი: როგორ უნდა მივხვდეთ, რომ COVID-19 გვაქვს?

ახლა იმ ლაბორატორიულ ტესტებზე ვისაუბრებთ, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ამ დაავადების დიაგნოსტიკა.

არსებობს სამი სახის ლაბორატორიული ტესტი COVID-19-ისთვის. ერთი დიაგნოსტიკის ტესტია, რომელიც ორგანიზმში არსებული ვირუსის იდენტიფიცირებას ახდენს. მას PCR ტესტი ეწოდება, რაც პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას ნიშნავს. ეს არის ქიმიური რეაქცია, რომელიც კეთდება ლაბორატორიაში და რომლის საშუალებითაც ვეძებთ ვირუსს, მას ასევე მოლეკულურ ტესტს უწოდებენ. ის გვაძლევს ნიშანს, რომ ორგანიზმში ვირუსი მრავლდება. მეორე სახეობის ტესტი კი ანტისხეულების ტესტია, რომელიც ვირუსის ანტისხეულების იდენტიფიცირებას ახდენს, როგორც წესი, სისხლში. ანტისხეულებს იმუნური სისტემა ქმნის ვირუსებსა და ბაქტერიებთან საბრძოლველად. ჩვენ შეგვიძლია სისხლში იმ ანტისხეულების აღმოჩენა, რომლებიც სპეციფიკურია სწორედ ამ ვირუსისთვის. ზოგიერთი ანტისხეული, რომლებსაც IgG ანტისხეულებს ვუწოდებთ, გამოიყოფა მაშინ, როდესაც ავად ხართ, მაგრამ მათი ამოცნობა მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდგომაა შესაძლებელი. ანტიგენის ტესტის მეშვეობით კი ორგანიზმში ვირუსის ცილის იდენტიფიცირება ხდება. ტესტს, როგორც წესი, იმ ადამიანებს ვუტარებთ, რომლებსაც უკვე აქვთ დაავადების ნიშნები და სიმპტომები. ნაცხს ცხვირიდან ვიღებთ. თუ პასუხი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში აქტიური ინფექციაა. უსიმპტომო ადამიანებში, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხი შეიძლება იყოს მცდარი და საჭიროებდეს გადამოწმებას PCR / პჯრ მეთოდით.

გახსოვდეთ, რომ არც ერთი ტესტი არ არის სრულყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანდახან, ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ტესტის პასუხები შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს.

როდესაც აქტიურ ინფექციას ვეძებთ, როგორც წესი, PCR ტესტს იმ ადამიანებს ვუტარებთ, რომლებსაც უკვე აღენიშნებათ დაავადების ნიშნები ან სიმპტომები. PCR ტესტი ამოიცნობს ვირუსის რნმ-ს, რომელიც ვირუსის გენეტიკური მასალაა. ძირითადად ამით ვიგებთ, არის თუ არა ვირუსი ორგანიზმში და მრავლდება თუ არა ის. როგორც წესი, ნაცხს რესპირატორული ტრაქტიდან (ცხვირიდან, ყელიდან ან პირიდან) ვიღებთ. ნერწყვის ნაცხის ტესტირებაც შეიძლება, მაგრამ ეს მეთოდი არ გამოიყენება ხშირად. ნიმუშების რესპირატორული ტრაქტიდან აღების მიზეზი ისაა, რომ სწორედ აქ „უყვარს“ ვირუსს გამრავლება. თუ ვინმეს PCR ტესტის პასუხი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ აღებულ ნიმუშში ვირუსის ნაწილაკები გამოჩნდა და ორგანიზმში ინფექცია აქტიურია. ხანდახან პასუხები მცდარია – შეიძლება ადამიანი დაინფიცირებულია, მაგრამ ვირუსი ნიმუშში არ გამოჩნდეს. ამიტომ ყველა ინფიცირებული ადამიანის ნაცხში არ იქნება ვირუსული რნმ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უარყოფითი PCR ტესტი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც აუღეს ანალიზი, ნამდვილად არ აქვს ინფექცია. თუმცა, თუ ვინმეს

აქვს  PCR ტესტის დადებითი პასუხი, მაშინ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მათ ნამდვილად აქვთ COVID-19.

ხანდახან, გვინდა ვიცოდეთ, ჰქონდა თუ არა ადამიანს ინფექცია წარსულში. ამის გასარკვევად ყველაზე გავრცელებული მეთოდი IgG ანტისხეულების ტესტია. ჩვენი ორგანიზმი IgG ანტისხეულების გამოყოფას, როგორც წესი, დაინფიცირებიდან 10-14 დღის შემდეგ იწყებს, მაშინ, როდესაც ავად ვართ, მაგრამ მათი იდენტიფიცირება მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდეგ არის შესაძლებელი. ამიტომ ამ ანტისხეულების ტესტის ჩატარება მიზანშეწონილია მათთვის, ვინც უკვე გამოჯანმრთელდა ინფექციისგან ან იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ ნიშნები და სიმპტომები, მაგრამ აინტერესებთ, იყვნენ თუ არა დაინფიცირებული. გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ დაინფიცირებულ ადამიანს არასდროს გამოუვლინდება ნიშნები და სიმპტომები. დადებითი IgG ანტისხეულების ტესტი ნიშნავს, რომ თქვენ წარსულში დაინფიცირებული იყავით ამ ვირუსით, თუმცა ვერ გავიგებთ, როდის მოხდა ეს. თუ IgG ანტისხეულები სისხლში აღმოგაჩნდათ, შესაძლოა ეს ნიშნავდეს, რომ გარკვეულწილად დაცული ხართ მომავალი SARS კორონავირუსებისა და ინფექციისგან, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს ეს დაცვა და ჯერჯერობით არც ის ვიცით, თუ რამდენად კარგად ხართ დაცული. ეს ისეთი რამაა, რის გარკვევასაც აქტიურად ვცდილობთ.

მაშ, რომ შევაჯამოთ, არსებობს სამი ტიპის ტესტი, დიაგნოსტიკური PCR და ანტიგენის ტესტები, და ტესტი, რომელიც აჩვენებს, გქონდათ თუ არა ინფექცია წარსულში. დიაგნოსტიკური ტესტის ნიმუშები თქვენი რესპირატორული ტრაქტიდან გროვდება. მოცემულ ნახატზე ნაჩვენებია ცხირის გავლით ნაცხის ნიმუშის აღება ხახის უკანა კედლიდან. ამ გზით გავიგებთ, არის თუ არა ვირუსული რნმ თქვენს რესპირატორულ ტრაქტში, რაც აქტიური ინფექციის არსებობას გვაჩვენებს. იმ დროისთვის, როდესაც გამოჯანმრთელდებით, თქვენ IgG ანტისხეულებს გამოიმუშავებთ, და, თუ სისხლის ნიმუშს ავიღებთ, შევძლებთ მათ იდენტიფიცირებას და იმის დადგენას, იყავით თუ არა დაინფიცირებული წარსულში. ამ ტესტებიდან არც ერთი არ გახლავთ სრულყოფილი, მაგრამ სამივე ძალიან კარგი ინსტრუმენტია იმის დასადგენად, ჰქონდათ თუ არა წარსულში ან ამჟამად თუ აქვთ ადამიანებს ინფექცია.

VIDEO 5: SARS-CoV-2-ის გადაცემა

სპიკერი: მოდით, ახლა ვისაუბროთ, როგორ ხდება SARS-CoV-2-ის გავრცელება ადამიანებს შორის. უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს SARS-CoV-2-ის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ორი ძირითადი გზა. როგორც იცით, ვირუსი დაინფიცირებული ადამიანების რესპირატორულ (სასუნთქ) ტრაქტში: პირში, ცხვირსა და ყელში ბინადრობს. საუბრისას, სიცილისას, დახველებისას, დაცემინებისას ან თუნდაც სიმღერისას, ჩვენ ცხვირიდან და პირიდან ვაფრქვევთ წვეთებს. ხანდახან ეს წვეთები თვალსაჩინოა, მაგრამ ხანდახან, მცირე ზომის გამო – შეუმჩნეველი, თუმცა ისინი არსებობენ. თუ ვინმე SARS-CoV-2-ით არის

დაინფიცირებული, მისგან გამოფრქვეული წვეთები შეიძლება შეიცავდეს ვირუსს და ასეთი წვეთების სხვა ადამიანის სახეზე, პირზე, ცხვირზე ან თვალში მოხვედრამ გამოიწვიოს ამ ადამიანის დაინფიცირება. ვთქვათ, თუ ინფიცირებულ ადამიანთან ახლოს ზიხართ, საუბრობთ და უცებ ის დააცემინებს ან დაახველებს, მის მიერ გამოტყორცნილ წვეთებს დიდ მანძილზე შეუძლიათ გაფრქვევა და თანამოსაუბრის, ანუ თქვენი დაინფიცირება.

ვირუსის გადაცემის მეორე გზა, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ, არის ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირთან შეხება. ზემოთ ვახსენეთ, რომ ვირუსი არის დაინფიცირებული ადამიანის რესპირატორულ (სუნთქვისას გამოყოფილ) წვეთებში. ისინი შეიძლება მოხვდეს რაიმე ზედაპირზე ან აღმოჩნდეს ინფიცირებული ადამიანის ხელზე, რომლითაც ის შეეხება მაგიდას, კარის სახელურს ან რაიმე სხვა საგანს. აქტიური ვირუსი „სიცოცხლისუნარიანია“ და რჩება ამ ზედაპირებზე, საიდანაც ის სხვა ადამიანის ხელზე შეიძლება მოხვდეს, რომლის  პირთან, ცხვირთან, თვალებთან შეხება შეიძლება გახდეს ადამიანის დაინფიცირების მიზეზი. ბევრს  სწორედ ამ გზით გადაეცემა ვირუსი. ამიტომ არის ხელების დაბანა და გაწმენდა ასეთი მნიშვნელოვანი ამ დაავადების გავრცელების პრევენციისთვის. საავადმყოფოებში პაციენტებს უტარდებათ პროცედურები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდოს გადაცემის ალბათობა, თუმცა ეს სპეციფიკური გარემოა, ჩვენ კი ამ ლექციაში ვსაუბრობთ ვირუსის გადაცემის გზებზე საზოგადოებაში, საავადმყოფოს გარემოს მიღმა.

როგორც აღვნიშნეთ, ვირუსი ინფიცირებული ადამიანის რესპირატორულ წვეთებში გვხვდება. ცემინებისას, ხველებისას, საუბრისას ან სიმღერისას დავირუსებული წვეთები თითქმის ორი მეტრის მანძილზე ვრცელდება. ეს საკმაოდ დიდი მანძილია. ამ გზით ვირუსი შეიძლება მოხვდეს სხვა ადამიანების თვალებში, ცხვირში ან პირში და გამოიწვიოს მათი დაინფიცირება. ან, როგორც უკვე ვთქვით, ვირუსის შემცველი წვეთები შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა საგნის ზედაპირზე. სწორედ ამიტომ არის პირბადის ტარება ვირუსის გადაცემის შემცირების ერთ-ერთი გზა.  ნიღაბი, ძირითადად გარემოს ინფიცირებული წვეთებით დაბინძურებას უშლის ხელს. თუ ინფიცირებული ატარებს ნიღაბს, ნაკლები ვირუსის შემცველი წვეთი მოხვდება გარემოში. ნიღბის ტარება არის ძალიან ეფექტური გზა ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ SARS-CoV-2 ძალიან მარტივად და სწრაფად ვრცელდება. ადამიანებს შორის ამ ვირუსის გადაცემის გზების თავისებურება ართულებს მის იდენტიფიცირებას  და  შეჩერებას.  ინფიცირებული  ადამიანი  გადამდებია  მანამდეც, სანამ სიმპტომები გამოვლინდება. ასეთმა ადამიანმა,   შესაძლოა, თავად არ იცოდეს, რომ არის ინფიცირებული და ავრცელებს ვირუსს. ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ უვითარდება სიმპტომები და ის თავისდაუნებურად ხდება ინფექციის წყარო. სწორედ ამიტომ,  ჩვენთვის  მნიშვნელოვანია  სიმპტომების  მქონე  ადამიანების  ტესტირება  და

იმის სწრაფად გამოვლენა, თუ ვისთან ჰქონდათ მათ კონტაქტი, ურთიერთობა. კონტაქტების გამოვლენა კი გვეხმარება ვირუსის გავრცელების შეჩერებაში. ამის შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებთ. დაავადების გავრცელების თავისებურების გათვალისწინებით ვხედავთ, რომ გადაცემა უფრო მეტად სავარაუდოა ახლო კონტაქტის დროს. შესაბამისად, ინფიცირების ალბათობა იზრდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიზიკურად ახლოს არიან პაციენტებთან. მაღალი რისკის კონტაქტში (იგივე ახლო ექსპოზიცია, შემდგომში “ახლო კონტაქტი”) ვგულისხმობთ პაციენტებთან 1 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მიახლოებას ჯამში 15 წუთზე მეტი დროის განმავლობაში. რატომ ვამბობთ 1 მეტრს? იმიტომ, რომ რესპირატორული წვეთები შეიძლება გავრცელდეს ამ მანძილზე. 15 წუთი კი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაინფიცირებული წვეთები მოხვდეს კონტაქტში მყოფის სხეულზე ან ორგანიზმში.  ასეთ მანძილზე და ამ დროით კავშირს „ახლო კონტაქტს“ ვუწოდებთ. ახლო კონტაქტისას, შესაძლებელია, ადამიანს არ ჰქონდეს ფიზიკური შეხება პაციენტთან, მაგრამ, თუკი საკმარისად ახლოს იქნება მასთან,

ის დაინფიცირების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ვინც დაინფიცირებულ ადამიანთან

ერთად იმყოფება, თავადაც დაინფიცირების  საფრთხის  წინაშე დგას. ასეთი  საერთო სივრცე შეიძლება იყოს, მაგალითად, ოფისები და რესტორნები. აბაზანა ან ის ოთახი, სადაც ვღებულობთ საკვებს, შეიძლება გახდეს ინფექციის გავრცელების ადგილი. ასეთივე ადგილია საწოლი. ამის გამო დაავადების გადაცემის ალბათობა ბევრად მაღალია ერთად მცხოვრებ ადამიანებს შორის, რადგან მათ ხშირად აქვთ ახლო ფიზიკური კონტაქტი და ერთად არიან საზიარო სივრცეში.

არსებობს საცხოვრებელი პირობები, რომლებიც მკვეთრად ზრდის ვირუსის გადაცემის რისკს, როდესაც   პატარა ფართობი ან სივრცე ბევრი ადამიანისთვის საერთოა. ასეთ მჭიდრო საცხოვრებელ სივრცეში ვგულისხმობთ ციხეებსა და საკნებს, სხვადასხვა ტიპის თავშესაფრებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს და ა.შ. ინფექციის სწრაფი გავრცელების თვალსაზრისით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ადგილი ძალიან მაღალი რისკის შემცველია, რადგან ადამიანები აქ ერთმანეთის სიახლოვეს ცხოვრობენ და საერთო სივრცეებს იზიარებენ.

COVID-19-ის გადაცემის და გავრცელების რისკებზე საუბრისას, ყველაზე მძიმე შედეგებს ვხვდებით მოხუცებულთა სახლებში. გარდა იმისა, რომ აქ პატარა სივრცეში მჭიდროდ ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომლებსაც აქვთ ხშირი კონტაქტი ერთმანეთთან, დამამძიმებელ ფაქტორებს წარმოადგენს მათი ხანდაზმულობა და ჯანმრთელობის სხვადასხვა თანმდევი პრობლემების სიმრავლე. ეს ფაქტორები ხელს უწყობს დაავადების მიმდინარეობის დამძიმების ალბათობას. თავშესაფრებში მცხოვრებ მოხუცებს  ხშირად სხვადასხვა სახის დახმარება სჭირდებათ,   მაგალითად კვების და პირადი ჰიგიენის დაცვის თვალსაზრისით. ამგვარად, ძალიან იზრდება მომვლელებისა და     მაცხოვრებლების     ფიზიკური     კონტაქტის     სიხშირე.     აქედან     გამომდინარე,

დაინფიცირების თვალსაზრისით თავშესაფარის თანამშრომლებიც მაღალი რისკის ჯგუფში შედიან. გასათვალისწინებელია, რომ მოხუცებულთა სახლი არ არის საავადმყოფო. შესაბამისად, არ არის აღჭურვილი COVID-19-ით დაინფიცირებული მძიმე პაციენტების  სამკურნალოდ.  ამის  გამო  ამ  ტიპის  დაწესებულებებში  ინფექცია ვრცელდება ძალიან სწრაფად, შესაბამისად, ასეთ ადგილებში არის ყველა ადამიანის, როგორც მოხუცების, ასევე თანამშრომლების ინფიცირების მაღალი რისკი. ამ ასაკოვანი ადამიანების დაინფიცირების შემთხვევაში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება რადიკალურად გამწვავდეს. მოხუცებულთა სახლებში COVID-19-ის ეპიდაფეთქება, მართლაც ყველაზე ცუდი სცენარია.

VIDEO 6: რატომ არის გადაცემის შეჩერება ასეთი მნიშვნელოვანი?

სპიკერი: COVID-19 ახალი დაავადებაა. გადაცემის შეჩერება, მართლაც, საუკეთესო გზაა,

რითიც ამ პანდემიის უარყოფითი შედეგების შემსუბუქება შეგვიძლია.

მოდით, კიდევ ერთხელ განვიხილოთ, თუ რა ემართება ადამიანს, როდესაც ის დაინფიცირდება. როგორც წესი, დაინფიცირების მომენტიდან, დაახლოებით 5 დღის შემდეგ, მათ უვითარდებათ ნიშნები და სიმპტომები, მაგრამ შესაძლოა ამას 14 დღემდე დასჭირდეს. სხვა ადამიანისთვის საფრთხის შექმნა ვირუსის გადაცემით, მათ ავადმყოფობამდე ჯერ კიდევ ორი დღით ადრე შეუძლიათ, განსაკუთრებით კი იმ დღეს, როდესაც ავადმყოფობა გამოუვლინდებათ. ისინი განაგრძობენ სხვებისთვის ინფექციის გადაცემას მანამ, სანამ აღენიშნებათ ნიშნები და სიმპტომები, რაც მინიმუმ 10 დღეს გრძელდება.

მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ მათ აქვთ კონტაქტი სხვა ადამიანთან იმ დღეს, როდესაც ისინი ავად გახდებიან, ანუ როდესაც იგრძნობენ, რომ ცუდად არიან. ჩავთვალოთ, რომ ამ ადამიანის საინკუბაციო პერიოდი ხუთ დღეს გაგრძელდება. დაინფიცირებიდან ხუთი დღის შემდეგ მათ უკვე გამოუვლინდებათ ნიშნები და სიმპტომები. სურათზე ხედავთ, რომ ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მათი ავადმყოფობა 10 დღეს გასტანს. ყვითლად კი მონიშნულია, როდის არიან ისინი გადამდები. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი გადამდები არიან ავად გახდომამდე ორი დღით ადრე, რაც სინამდვილეში მათი დაინფიცირებიდან მესამე დღეა. ამიტომ, თუ გვსურს ვირუსის გადაცემისთვის ხელის შეშლა, თუ გვინდა, რომ შევაჩეროთ COVID-19-ის გავრცელება, უნდა ვიპოვოთ დაინფიცირებული ადამიანები. უნდა შევამციროთ მათი კონტაქტების რიცხვი იმისთვის, რომ გავწყვიტოთ გადაცემის ჯაჭვი. მაგრამ ამ სქემაში თქვენ ხედავთ, თუ რატომაა ამის გაკეთება ასეთი რთული. ამის მიზეზი ის არის, რომ დაინფიცირების შემდეგ ისინი ძალიან სწრაფად  ხდებიან გადამდები და შეუძლიათ ვირუსის სხვისთვის გადაცემა.

როგორც ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა ძალიან პატარაა, იმისთვის რომ ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ ინფიცირებულებთან, ვიპოვოთ ისინი, ვინც ინფიცირებულნი არიან, მაგრამ ჯერ არ ავადმყოფობენ  და  ვთხოვოთ  მათ  ქცევის  შეცვლა,  სხვა  ადამიანებთან  კონტაქტის

შეზღუდვა და ამით ვირუსის გადაცემის შეჩერება. რაც წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან სწრაფად მოხდება. ამიტომ ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ ძალიან სწრაფად   უნდა   იმოქმედოს,   როდესაც   COVID-19-ის   შემთხვევას   ვაწყდებით:   უნდა ვცადოთ და ვიპოვოთ ყველა, ვისაც ინფიცირებულ „შემთხვევასთან“ ჰქონდა კონტაქტი, ვიმოქმედოთ და შევაჩეროთ გადაცემა. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ახალი კონცეფცია, რომელსაც რეპროდუქციული რიცხვი ეწოდება. მას ასევე აღნიშნავენ ხოლმე R 0-თი. რეპროდუქციული       რიცხვი       – არის იმ ადამიანების რაოდენობა,  რომელთაც ერთი დაინფიცირებული პირი დააინფიცირებს, იმ შემთხვევაში თუ ყველა, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, მოწყვლადია ამ დაავადების მიმართ; ამით კარგად ჩანს, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ამ დაავადებას მოსახლეობაში გავრცელება. რაც უფრო მაღალია რეპროდუქციული რიცხვი, მით მეტი ადამიანი დაინფიცირდება ეპიდაფეთქების დროს. შესაბამის გრაფაში ხედავთ R 0-სთვის მნიშნველოვან რიცხვებს და იმას, როგორ შეიცვლებოდა დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა დროთა განმავლობაში იმის მიხედვით, თუ რას უდრის რეპროდუქციული რიცხვი.

ლურჯად აღნიშნულია, როგორი იქნება დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა, თუ რეპროდუქციური რიცხვი ტოლია 1-ის. ეს ნიშნავს, რომ ყოველი დაინფიცირებული ადამიანი გადასცემს ინფექციას მხოლოდ 1 სხვა ადამიანს. დროთა განმავლობაში დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა არ გაიზრდება და დარჩება უცვლელი. მაგრამ, მოდით ვნახოთ, რა ხდება, თუ რეპროდუქციური რიცხვი 1-ზე ნაკლებია? ეს კი იისფრად არის აღნიშნული. თუ თითოეული ადამიანი დააინფიცირებს 1 ადამიანზე ნაკლებს – რადგან ზოგჯერ დაინფიცირებული ადამიანი ვირუსს სხვას გადასდებს, ზოგჯერ კი არა, შესაბამისად, საშუალოდ 1-ზე ნაკლებს დააინფიცირებს. მაშინ, დროთა განმავლობაში დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი შემცირდება.   რა ხდება, თუ რეპროდუქციული რიცხვი 2-ის ტოლია? ეს ნიშნავს, რომ თითოეული დაინფიცირებული ადამიანი აავადებს 2 სხვა ადამიანს. ეს ხაზი წითლადაა ნაჩვენები და ჩვენ ვხედავთ, რომ, თუ რეპროდუქციული რიცხვი უდრის 2-ს, დროთა განმავლობაში დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ 1-სა და

2-ს შორის განსხვავებას, როგორც წესი, უმნიშვნელოდ მივიჩნევთ, რეპროდუქციულ რიცხვ

1-სა და რეპროდუქციულ რიცხვ 2-ს ურთიერთმიმართებაზე იმავეს ვერ ვიტყვით. მათ შორის სხვაობა ძალიან დიდია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ადამიანი დაინფიცირდება საბოლოო ჯამში. ამიტომ, ყველაფერი, რასაც მოვიმოქმედებთ, რათა რეპროდუქციული რიცხვი 1-თან ახლოს იყოს, დაგვეხმარება დაავადების გავრცელების კონტროლში.

რა არის SARS-CoV-2-ის რეპროდუქციული რიცხვი? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საშუალოდ რამდენ სხვა ადამიანს დააავადებს ამ ვირუსით დაინფიცირებული 1 ადამიანი? მოდით, რამდენიმე მაგალითს შევხედოთ. დიაგრამის შუაში ხედავთ დაინფიცირებულ ადამიანს, რომელიც იასამნისფერითაა აღნიშნული, გარშემო კი ნაცრისფერი  წერტილებია,  რომლებიც  ამ  დაინფიცირებული  ადამიანის  ახლო კოტაქტებს აღნიშნავს.

ალბათ, გსმენიათ ერთ-ერთი ვირუსის შესახებ, რომელსაც წითელას ვუწოდებთ. წითელა ჩვენთვის ცნობილი ვირუსებიდან, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გავრცელებადია. მისი რეპროდუქციული რიცხვი 15-ს უდრის, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს, რომელსაც წითელა აქვს, შეუძლია 15 სხვა, ახლო კონტაქტის დაინფიცირება, როგორც   სურათზეა ნაჩვენები; შესაბამისად, ის ძალიან გადამდებია. ამ სურათზე კი ვხედავთ MERS-ს, „შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს“. ის სხვა ტიპის კორონავირუსია. MERS არ არის ძალიან გადამდები. საშუალოდ, ამ ვირუსით დაავადებული თითოეული ადამიანი, რომელიც სურათზე იასამნისფერი წერტილითაა გამოსახული, დააინფცირებს ერთ ადამიანზე ნაკლებს. როგორც ხედავთ, შესაბამისი წერტილი მხოლოდ ნაწილობრივაა წითლად გაფერადებული. ამიტომ, როგორც წესი, MERS არ იწვევს დიდ ეპიდაფეთქებებს, რადგან, საშუალოდ, თითო შემთხვევა მხოლოდ 1 სხვა ადამიანს ან ნაკლებს დააინფიცირებს.

მოდით, ახლა COVID-19-ის რეპროდუქციული რიცხვი განვიხილოთ. COVID-19-ით დაინფიცირებული თითო ადამიანი საშუალოდ 2-3 სხვა ადამიანს გადასდებს ვირუსს. სურათზე ვხედავთ 2 და ½ახლო კონტაქტის აღმნიშვნელ წერტილს, რომელიც წითლადაა გაფერადებული და გვაჩვენებს იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც დაინფიცირდებიან. ეს რეპროდუქციული რიცხვი 2-დან 3-მდე ძალიან ჰგავს გრიპის ვირუსის რეპროდუქციულ რიცხვს. მათ შედარებას ხედავთ სურათზე. გრიპით დაინფიცირებული ადამიანები საშუალოდ 2-დან 3-მდე სხვა ადამიანს დააინფიცირებენ, თუ მათი ყველა „კონტაქტი“ მგრძნობიარეა ვირუსისადმი. შესაძლოა, რეპროდუქციული რიცხვი 2 მცირედ მოგეჩვენოთ, მაგრამ 2-ის ტოლი რეპროდუქციული რიცხვიც კი შესაძლოა დიდი ეპიდაფეთქების გამომწვევი აღმოჩნდეს, თუ თითოეული დაინფიცირებული ადამიანი მხოლოდ ორ სხვა ადამიანს გადასდებს ვირუსს, ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად გაორმაგდება, როგორც სლაიდზე ვხედავთ. თუ ჩვენ ინფექციის მხოლოდ ერთი შემთხვევის პრევენციას მაინც შევძლებთ, შესაბამისად, ერთი  ადამიანი  დააინფიცირებს  მხოლოდ  სხვა  1-ს, ნაცვლად  2-ისა, ჩვენ  შეგვიძლია დროთა  განმავლობაში  შემთხვევების  რიცხვი  მკვეთრად  შევამციროთ.  როგორც სლაიდზე ჩანს, თუ პირველი ადამიანი მხოლოდ 1-ს დააინფიცირებს და ის ადამიანიც – მხოლოდ სხვა 1-ს და შემდგომიც – 1-ს – ამ ეპიდაფეთქების შედეგად მხოლოდ 4 შემთხვევას მივიღებთ, ნაცვლად 15-ისა, რომლებიც გვექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევძლებდით გადაცემის გარკვეული რაოდენობის შეჩერებას. მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლებელია გადაცემის მთლიანად შეჩერება, არ ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გექნებათ დიდი გავლენა ეპიდაფეთქების შენელებაზე.

VIDEO 7: COVID-19: შეჯამება

სპიკერი: მოდით, შევაჯამოთ ის მთავარი საკითხები, რომლებიც ამ ლექციაზე განვიხილეთ.

SARS-CoV-2 არის ახალი ვირუსი, რომელიც იწვევს ინფექციურ დაავადებას COVID-19-ს და აავადებს ადამიანებს. ეს დაავადება მსოფლიო პანდემიის მიზეზი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანს შეიძლება არ გამოუვლინდეს დაავადების ნიშნები და სიმპტომები, სხვა შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მძიმე სიმპტომები და ადამიანები სიკვდილის მაღალი რისკის წინაშე დადგნენ. მძიმე დაავადებისა და სიკვდილის რისკი უფრო მაღალია ასაკოვან ან თანმხლები დაავადებების, მაგალითად, დიაბეტის ან მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებისთვის.

არსებობს ლაბორატორიული ტესტები, რომლებსაც ვიყენებთ იმის გამოსავლენად, არის თუ არა ადამიანი ამ ვირუსით ინფიცირებული ახლა, ან იყო თუ არა ის ინფიცირებული წარსულში. საყურადღებოა, რომ დაინფიცირებული ადამიანი გადამდებია დაავადების ნიშნების გამოვლენამდეც და ავადმყოფობის განმავლობაშიც. დაინფიცირებულ ადამიანებს, რომელბსაც არ აქვთ ამ ავადმყოფობის თვალსაჩინო ნიშნები და სიმპტომები, მაინც შეუძლიათ სხვებისთვის ვირუსის გადაცემა. ძირითადად, ეს ვირუსი, ერთი ადამიანიდან მეორეს, ვირუსის შემცველ რესპირატორულ წვეთებთან კონტაქტის გზით გადაეცემა. თუკი არ მოხდება ჩარევა, თითოეულ ინფიცირებულს 2-3 სხვა ადამიანის დაინფიცირება შეუძლია, რაც შეიძლება ეპიდემიის მასშტაბის ძალიან სწრაფი ზრდის მიზეზი გახდეს. თუმცა, თუ მოხერხდება დროული ჩარევა და თუნდაც გადაცემის რომელიმე რგოლის გაწყვეტა, შესაძლებელი იქნება დაინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრად შემცირება, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ COVID-19-ის მართვის მიზანს წარმოადგენს.

ტესტის შესავსებად გაიარეთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია


ჩამოსატვირთი

პრეზენტაცია
ლექციის ტექსტი