Project Description

მოკლე აღწერა:

ამ მოდულში ჩვენ მოგიყვებით ეთიკასა და რამდენიმე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტზე, რომლებიც გამოიყენება კონტაქტების მიდევნებისას. ამ ლექციის მოსმენის შემდეგ თქვენ უნდა შეგეძლოთ განმარტოთ ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინები, როგორებიც არის: პირადი ცხოვრება, ავტონომია და საზოგადოებრივი სიკეთე. თქვენ უნდა შეძლოთ აღწეროთ ბალანსი, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და, მეორე მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრებისა და ავტონომიის შეზღუდვას შორის. უნდა შეძლოთ კერძო ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას შორის არსებული წონასწორობის მაგალითების მოყვანა. ასევე, უნდა შეძლოთ დაავადების შემთხვევების კვლევის და კონტაქტების მიდევნების თითოეულ ეტაპზე გამოსაყენებელი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების იდენტიფიცირება.

  • ავტორი: ემილი გარლი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი

  • რეიტინგი: ★ ★ ★ ★ ★

  • ენა: ქართული

  • გამოცემის წელი: 2020

ვიდეო 1 – კონტაქტების მიდევნება როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტრუმენტი

ემილი გარლი: გამარჯობა, მე გახლავართ ემილი გარლი, გადამდები დაავადებების ეპიდემიოლოგი. ვმუშაობ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში. ახლა მე მოგიყვებით ეთიკასა და რამდენიმე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტზე, რომლებიც გამოიყენება კონტაქტების მიდევნებისას. ამ ლექციის მოსმენის შემდეგ თქვენ უნდა შეგეძლოთ განმარტოთ ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინები, როგორებიც არის: პირადი ცხოვრება, ავტონომია და საზოგადოებრივი სიკეთე. თქვენ უნდა შეძლოთ აღწეროთ ბალანსი, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და, მეორე მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრებისა და ავტონომიის შეზღუდვას შორის. უნდა შეძლოთ კერძო ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას შორის არსებული წონასწორობის მაგალითების მოყვანა. ასევე, უნდა შეძლოთ დაავადების შემთხვევების კვლევის და კონტაქტების მიდევნების თითოეულ ეტაპზე გამოსაყენებელი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების იდენტიფიცირება.

კონტაქტების მიდევნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალიან მარტივი ინსტრუმენტია. ის მნიშვნელოვანია COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად. ეს ინსტრუმენტი ყოველდღიურად გამოიყენება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურების მიერ. კონტაქტების მიდევნება ხალხის ჯანმრთელობას იცავს ინფიცირებული ადამიანების სხვებთან კონტაქტების შემცირების გზით. ამით SARS- CoV-2-ის გავრცელების შესაძლებლობებს ვზღუდავთ. ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დაავადების შემთხვევების კვლევასა და კონტაქტების მიდევნებაზე დახარჯული მთელი ძალისხმევა საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისკენაა მიმართული.

კონტაქტების მიდევნება ყოველდღიურად გამოიყენება დაავადებების გავრცელების აღსაკვეთად. მას მიმართავენ ტუბერკულოზის, სიფილისის (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა), შიდსის, და, ალბათ, გემახსოვრებათ, დასავლეთ აფრიკაში ებოლას ფართომასშტაბიანი გავრცელებისას. კონტაქტების მოძიება იყო ამ ეპიდემიასთან განმკლავების სტრატეგიის ქვაკუთხედი. შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ ხდებოდა ამ სცენარში კონტაქტების მოძიება მათ შორისნავითაც კი. კონტაქტების მოძიება უფრო ხშირად უშუალო კონტაქტის გზით ხდებოდა.

ასე რომ, არსებობს კონტაქტების მიდევნების განსხვავებული გზები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ჩვეულებრივი ინსტრუმენტია. იგი ყოველდღიურად გამოიყენება COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად.

ვიდეო 2 – პირადი ცხოვრება, კონფიდენციალურობა და ეთიკის სხვა ტერმინები როდესაც კონტაქტების მიდევნებას დაიწყებთ, თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება

ადამიანების პირადი, კონფიდენციალური ინფორმაცია. ამიტომ, მნიშვნელოვანია გესმოდეთ თუ რას ნიშნავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, კონფიდენციალურობა და შეგეძლოთ სხვა კონტაქტების მიდევნების ეთიკასთან დაკავშირებული ტერმინების დეფინიცია. მოდით, დავიწყოთ პირადი ცხოვრებით. ეს ტერმინი სამართლებრივ ცნებას განეკუთვნება. მე მოგაწვდით იურიდიულ განმარტებას და ასევე აგიხსნით, თუ რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად. პირადი ცხოვრების იურიდიული განმარტება ასეთია: ეს არის ადამიანის უფლება, იყოს დაცული პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების გასაჯაროებისგან და მათში ჩარევისგან. რას ნიშნავს ეს? არსებითად, ეს ნიშნავს, რომ ყველას აქვს უფლება

შეინარჩუნოს თავისი პირადი ცხოვრების ფარულობა და ხელშეუხებლობა. მაგრამ, თქვენ, როგორც კონტაქტების მკვლევარს, შეხება გექნებათ ადამიანების პირად ინფორმაციასთან, ვინაიდან თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენი საქმე და დაიცვათ საზოგადოების ჯანმრთელობა. ასე რომ, თქვენ მათი პირადი ინფორმაციის გამოკითხვა მოგიწევთ, როგორიც არის, მაგალითად: ვინ ცხოვრობს სახლში მათთან ერთად? ვისთან გაატარეს დრო წარსულში? სად იმყოფებოდნენ ბოლო კვირის განმავლობაში? რამდენი დრო გაატარეს სხვებთან ერთად თავიანთ სახლში და გარეთ? ეს პირადი ინფორმაციაა, მაგრამ თქვენ დაგჭირდებათ მისი ცოდნა. მნიშნველოვანია დაიმახსოვროთ, რომ კონტაქტების მკვლევარს შეუძლია დასვას კითხვები პირად ინფორმაციასთან დაკავშირებით, მაგრამ, მხოლოდ საქმიანი მიზნებისთვის,  ანუ  თქვენ  ადამიანების  მიერ  მოწოდებული  პირადი  ინფორმაცია

შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ კონტაქტების მიდევნების მიზნებისთვის. რომ შევაჯამოთ, თქვენ  უნდა დასვათ კითხვები,  მიიღოთ და გამოიყენოთ ინფორმაცია ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების დაცვისა და კონტაქტების მიდევნების მიზნით.

მოდით, ახლა კონფიდენციალურობაზე ვისაუბროთ. ტერმინებს – პირადი ცხოვრება და კონფიდენციალურობა, ხანდახან ერთი და იმავე მნიშვნელობით იყენებენ, მაგრამ მათ შორის არსებობს განსხვავება. კონფიდენციალურობის იურიდიული განმარტებაა: პიროვნების უფლება, საიდუმლოდ შეინახოს თავისი პირადი, მაიდენტიფიცირებელი თუ სამედიცინო  ინფორმაცია და ეს უკანასკნელი არ გასაჯაროვდეს მათი თანხმობის გარეშე. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ მაგალითად თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, არ შეიძლება ვინმეს ეცნობოს თქვენი თანხმობის გარეშე. მაგრამ, თუ მისი გაზიარება ხდება საზოგადების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მაშინ ეს დასაშვებია. კონკრეტულად კი, COVID-19-ის ტესტის შედეგები შეიძლება სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს კონტაქტების მიდევნებისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, არსებობს საზღვრები იმისა, თუ რა ინფორმაციის გაზიარება შეიძლება და ვისთან. დაავადების შემთხვევების კვლევის და კონტაქტების მიდევნებისას თქვენ შეიძლება მოგიწიოთ ისეთი კონფიდენციალური საკითხების განხილვა, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაცია შემთხვევის ან კონტაქტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა დაავადებების შესახებ; გემახსოვრებათ, COVID-19-ით ინფიცირებამ შეიძლება ისინი ამა თუ იმ მძიმე დაავადების გართულების მომატებული რისკის ქვეშ დააყენოს. ასევე, რა თქმა უნდა, თქვენ მოგიწევთ მათი COVID-19-ის ტესტის პასუხების განხილვა. ასე რომ, კონტაქტების მკვლევარისთვის ცნობილი უნდა იყოს მხოლოდ ის სამედიცინო ინფორმაცია, რომელიც რელევანტურია კონტაქტების მიდევნების კონკრეტული შემთხვევისთვის და შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ამ მიზნისთვის. ადამიანების შესახებ პირადი ინფორმაციის გარდა, კონტაქტების მკვლევარისთვის ასევე ცნობილი გახდება კონფიდენციალური სამედიცინო ინფორმაცია დადასტურებულ შემთხვევებსა და მათ კონტაქტებზე. მათ აქვთ ამ ინფორმაციის მოძიების და გამოყენების უფლება, ოღონდ მხოლოდ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე.

მოდით, ახლა ვისაუბროთ პიროვნულ ავტონომიაზე. ავტონომია იურიდიულად ნიშნავს პირის უფლებას თვითონვე მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე ცნობილია, როგორც  ავტონომიური  ქმედების შესაძლებლობა. პრაქტიკულად,  ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს თავად გააკეთოს არჩევანი. ეს სწორი მიდგომაა, გარდა  იმ  შემთხვევებისა,  როდესაც  მისი  გადაწყვეტილებით  ან  ქმედებით  სხვას

ადგება ზიანი. ამაზე ყველანი ვთანხმდებით. კონტაქტების მიდევნების შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ, თუ ისინი არღვევენ იზოლაციას ან კარანტინს, ამით შეიძლება სხვებს მიაყენონ ზიანი და დააყენონ ისინი რისკის ქვეშ, ამიტომ კონტაქტების მიდევნების კონტექსტში, ავტონომიასაც, ანუ, მათ შესაძლებლობას, თავისუფალი იყვნენ არჩევანში, გარკვეული ლიმიტი გააჩნია.

სად იჩენს  თავს  ავტონომია  კონტაქტების  მიდევნების  პროცესში?  რა  შემთხვევაში გადაეყრებით ამ საკითხს? მაგალითად, თქვენ მოითხოვთ ვინმესგან, კარანტინში ყოფნას, ასევე, მოითხოვთ დადასტურებული შემთხვევისგან, რომ იზოლირდეს, ამიტომაც, შეეცდებით მათ დარწმუნებას ასეთი ქმედებების აუცილებლობაში. მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთი ქმედებები შეიძლება სახელმწიფოს მიერ იყოს დაწესებული ან იძულებით ხორციელდებოდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ, ასეთ შემთხვევაში, როდესაც პირის ქმედება სხვას აყენებს ზიანს, ის არ არის სრულიად თავისუფალი თავის არჩევანში. აქაც გვიწევს წონასწორობის შენარჩუნება პიროვნების უფლებებსა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას შორის.

შემდეგი თემაა სამართლიანობის კონცეფცია. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კონტაქტების მიდევნება მოიცავდეს ადამიანთა პირად ინფორმაციას და ზღუდავდეს მათ ავტონომიას. ეს საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ხდება. ჩვენ ვიღებთ ასეთი ტიპის შეზღუდვებს მხოლოდ იმ პირობით, რომ, ის, რასაც ვაკეთებთ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სამართლიანია. მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს სამართლიანობა კონტაქტების მიდევნების კონტექსტში. ამ ცნებას იურისპრუდენცია შემდეგნაირად განმარტავს: იმოქმედო სამართლიანად პირის მიმართ ან მოექცე მას მიუკერძოებლად, რაც გულისხმობს, რომ ყველას ერთნაირად უნდა მოვექცეთ, მიუხედავად მათი რასის, ეთნიკური კუთვნილების, მრწამსის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციისა თუ სქესისა. არსებითად, ეს ნიშნავს, რომ მოპყრობა ნებისმიერი ადამიანისადმი ერთნაირი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის. კონტაქტების მიდევნების კუთხით ეს ნიშნავს კონტაქტების მკვლევარის მცდელობას, აღმოაჩინოს ყველა დადასტურებული შემთხვევა და კონტაქტი, მიუხედავად  მათი  რელიგიური  კუთვნილებისა, რასისა  თუ  სექსუალური ორიენტაციისა. დადასტურებული შემთხვევების და კონტაქტების მოძიება ჯანდაცვის მნიშვნელოვანი მომსახურებაა, რომელიც ყველამ თანაბრად და სამართლიანად უნდა მიიღოს.

ამასთან, დაავადების გავრცელების შემცირების მიზნით, არცერთ თემთან მიმართებაში, მაგალითად, მათი მატერიალური კეთილდღეობის მიუხედავად, ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ კონტაქტების მიდევნების მცდელობას. ეს ნიშნავს, რომ კონტაქტების მიდევნება უნდა შესრულდეს ნებისმიერი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის. არ შეიძლება ადამიანებს შერჩევით მიეწოდოთ კონტაქტების მიდევნების მომსახურება. იმისათვის, რომ სამართლიანი იყოს, ის ერთნაირად უნდა გამოვიყენოთ ყველა თემსა და მოსახლესთან მიმართებით.

მოდით, სანამ შემდეგ საკითხებზე გადავალთ, განვსაზღვროთ კიდევ ერთი ტერმინი – საზოგადოებრივი სიკეთე. იგი იურიდიულად განისაზღვრება, როგორც ნებისმიერი რამ, რასაც სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის ან რაც უზრუნველყოფს კეთილდღეობას საზოგადოების ყველა წევრისთვის. კონტაქტების მიდევნების პროგრამები საზოგადოებრივი სიკეთის მაგალითია. მათი დახმარებით მოსახლეობაში მცირდება SARS-CoV-2-ისა და COVID-19-ის გავრცელება და ასევე მათ

მიერ გამოწვეული დაავადებები და სიკვდილიანობა. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონტაქტების მიდევნების პროგრამებზე, ვგულისხმობთ საზოგადოებრივ სიკეთეს.

ვიდეო 3 – ბალანსის შენარჩუნება საზოგადოებრივ კეთილდღეობასა და პირად ცხოვრებას, ავტონომიას და კონფიდენციალურობას შორის

ჩვენ განვიხილეთ, რომ კონტაქტების მიდევნება ემსახურება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებს. თუმცა, აუცილებელია შევინარჩუნოთ ბალანსი და პატივი ვცეთ პირადი ცხოვრების, ავტონომიისა და კონფიდენციალურობის უფლებებს. მოდით, ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ბალანსი და როგორ ხდება მისი გამოყენება პრაქტიკაში. კონტაქტების მიდევნების პროგრამები წარმოადგენს საზოგადოებრივ   სიკეთეს,   ვინაიდან   მათი   დახმარებით   მცირდება   COVID-19-ის რისკები საზოგადოებისთვის. თუმცა, ეს საზოგადოებრივი სიკეთე ყოველთვის უნდა დავაბალანსოთ ადამიანთა უფლებების, მათი პირადი თუ კონფიდენციალური ინფორმაციისა და ავტონომიის უფლების გათვალისწინებით. ჩვენ ყოველთვის დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ სწორად ვიცავთ ამ ბალანსს. იურიდიული თვალსაზრისით, იმის დასადგენად, თუ რამდენად იცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენცია ბალანსს საზოგადოებრივ სარგებელსა და პიროვნების უფლებებს შორის, ხშირად გამოიყენება სამი კრიტერიუმი.

იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციას ჰქონდეს ლეგიტიმური უფლება შეზღუდოს პირადი ცხოვრების ან ავტონომიის უფლებები (რაც ხანდახან შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტების მიდევნებამ), ის უნდა აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს: პირველი – პატივისცემით ეპყრობოდეს ადამიანებს და მათ უფლებებს, მეორე –  მოჰქონდეს  სარგებელი საზოგადოებისთვის, რაც დაბალანსებული  იქნება პიროვნების უფლებების შეზღუდვასთან, და მესამე, ინტერვენცია სარგებლის მომტანი უნდა იყოს საზოგადოების ყველა წევრისთვის.

როგორც ვხედავთ, კონტაქტების მიდევნება აკმაყოფილებს სამივე იურიდიულ კრიტერიუმს, ვინაიდან კონტაქტების მკვლევარები პატივისცემით ეპყრობიან ადამიანებს და მათ უფლებებს. მართლაც, ისინი მოსახლეობას აწვდიან მომსახურებას, ხელს უწყობენ სამედიცინო დახმარების მიღებაში და ყველაფერს აკეთებენ დაავადების მოსახლეობაში გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ის მეორე კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს, ვინაიდან მას მოაქვს სარგებელი საზოგადოებისთვის, და აბალანსებს ინფორმაციის მოპოვების საჭიროებას და ადამიანებისთვის შეზღუდვების დაწესებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გათვალისწინებით. ეს ინტერვენცია სარგებლის მომტანი იქნება საზოგადოების ყველა წევრისთვის, ვინაიდან კონტაქტების მიდევნება ჩატარდება ყველგან, სადაც კი გამოვლინდება დადასტურებული შემთხვევა ასე რომ, ის აკმაყოფილებს სამივე კრიტერიუმს.

დამატებითი ცნობის სახით, იცოდეთ, რომ, მაგალითად აშშ-ს გააჩნია კონტაქტების მიდევნების კანონიერი საფუძვლები, ვინაიდან არსებობს ორგანოები, რომლებიც უფლებამოსილი არიან ჩაერიონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად; ასევე, გარდა იმისა, რომ, ეს დაშვებულია აშშ-ს კონსტიტუციით, თითოეულ შტატსაც აქვს თავისი კონსტიტუციით მინიჭებული ინტერვენციის უფლება. კონსტიტუციაში არსებობს მუხლები, რომლებშიც წერია, რომ აშშ-ს მთავრობას შეუძლია განახორციელოს  სხვადასხვა  შემზღუდავი  ქმედება  საზოგადების  კეთილდღეობის

დაცვის მიზნით. კიდევ არსებობს საერთო სამართლის და კანონის ზოგადი პრინციპები, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვას ეხება. ხოლო საქართველოში საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებები დარეგულირებულია „კანონით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“.

შეიძლება გსმენიათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ინტერვენციების შესახებ, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის დასაცავად, და რომელთაც თან ახლავს ადამიანის უფლებების გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, სახელმწიფო შეიძლება მოითხოვდეს, რომ ბავშვი აცრილი იყოს, თუკი ის საჯარო სკოლაში ირიცხება. ეს მოსახლეობის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით კეთდება. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ გვიწევს პიროვნების უფლებების დაბალანსება საზოგადოებრივი სიკეთის მისაღებად. შემდეგ მაგალითს სხვა დაავადებასთან დაკავშირებით მოვიყვანთ, რომლის დროსაც ასევე ვიყენებთ კონტაქტების მიდევნებას. მოგეხსენებათ, ტუბერკულოზიც ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძალიან გადამდებია. წარმოიდგინეთ, რომ ტუბერკულოზით დაავადებული პირი უარს აცხადებს წამლის მიღებაზე, რომელიც მას განკურნავს და შესაბამისად შეაჩერებს მის გადამდებლობას. ასეთ პირს შესაძლოა ჯანდაცვის სამინისტრომ დაავალდებულოს მკურნალობის კურსის გავლა, რაც, ისევ და ისევ, დაავადების გავრცელების შეჩერების მიზნით ხდება. ამ ქმედებით ისინი ზღუდავენ პირის ავტონომიას, ანუ ართმევენ შესაძლებლობას თავად გააკეთოს არჩევანი, ვინაიდან, მის გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა აქვს საზოგადოების სხვა წევრებზე.

რომ შევაჯამოთ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები განახორცილებენ შემზღუდავ ქმედებებს საზოგადოების სხვა წევრების დაცვის მიზნით. ამ ქმედებებს კანონიერი საფუძველი აქვს და მათ ხშირად ვახორციელებთ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სიტუაციებში, საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებიდან გამომდინარე. ვინაიდან, კონტაქტების მკვლევარი და ზოგადად კონტაქტების მიდევნება    ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევასთან არის დაკავშირებული, ეს დიდი ყურადღებით და პატივისცემით უნდა ხორციელდებოდეს. ამას გაგებით უნდა ეკიდებოდნენ დადასტურებული შემთხვევები და მათი კონტაქტებიც. ჩვენ შეგვიძლია დავარწმუნოთ დადასტურებული შემთხვევები და მათი კონტაქტები იმაში, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალური დარჩება,   რომ   ის   გამოყენებული   იქნება   მხოლოდ   კონტაქტების   მიდევნების მიზნებისა და საზოგადოების ჯანმრთელობისთვის წარმართულ კვლევაში და, რომ ეს ინფორმაცია არ იქნება გაზიარებული მათთან, ვისაც არ სჭირდება ამის ცოდნა. კიდევ ერთხელ, ეს ნიშნავს, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდება მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეს სჭირდებათ კონტაქტების მიდევნების, იზოლაციისა და კარანტინის მიზნებისთვის. თქვენ ასევე უნდა დაარწმუნოთ დადასტურებული შემთხვევები და კონტაქტები, რომ ინფორმაცია საიდუმლო დარჩება. იდენტიფიცირებულ კონტაქტებს შევატყობინებთ, რომ მათ კავშირი ჰქონდათ ინფიცირებულ ადამიანთან, მაგრამ მათ არ ეცნობებათ, თუ ვინ არის ეს დადასტურებული შემთხვევა. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ დაამშვიდოთ ისინი, რომ, იმ შემთხვევაში, თუ გაგვიზიარებენ თავიანთი კონტაქტების შესახებ ინფორმაციას, თქვენ არ გაუმხელთ მათ სახელს ამ კონტაქტებს.

მოდით, განვიხილოთ მაგალითი, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც დადასტურებული შემთხვევა გაწვდით პერსონალურ ინფორმაციას. მაგალითად, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევა ინტერვიუს დროს გიმხელთ, რომ მისი კონტაქტები არიან ცოლი, ორი შვილი და ასევე მისი საყვარელი, რომელიც მეზობლად ცხოვრობს. დაგისვამთ ორ შეკითხვას: უნდა მიუთითოთ თუ არა მისი საყვარელი კონტაქტად და უნდა შეატყობინოთ თუ არა მის ცოლს საყვარლის არსებობის შესახებ? პირველ კითხვაზე პასუხი არის დადებითი. რა თქმა უნდა, საყვარელი ინფიცირების საფრთხის ქვეშ არის მოქცეული და ეს მას უნდა ეცნობოს. ასევე, მას კარანტინში ყოფნა უნდა მოვთხოვოთ. დადასტურებულ შემთხვევასთან მისი ურთიერთობის ფორმა არ არის მნიშვნელოვანი. გახსოვდეთ, ყველას უნდა მიუწვდებოდეს ხელი კონტაქტების მიდევნების მომსახურებაზე. მათ უნდა იცოდნენ, რომ ინფიცირების საფრთხე ემუქრებათ და უნდა მოვთხოვოთ კარანტინში გადასვლა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ ურთიერთობაში არიან დადასტურებულ შემთხვევასთან. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა კონტექსტში მოხდა მათი გამოვლენა. უნდა მოუყვეთ თუ არა მის ცოლს საყვარლის შესახებ? რა თქმა უნდა, არა. ეს არის პირადი ინფორმაცია, რომელიც დადასტურებულმა შემთხვევამ გაგიზიარათ. თქვენ არ გაქვთ უფლება ის ვინმეს გაუმხილოთ. თქვენ შეგიძლიათ ის გამოიყენოთ მხოლოდ კონტაქტების მიდევნების მიზნებისთვის. თქვენ დაურეკავთ მის საყვარელს მხოლოდ იმის შესატყობინებლად, რომ იგი არის კონტაქტი. მან უნდა იცოდეს, რომ საფრთხის ქვეშ არის და საჭიროებს კარანტინში გადასვლას. მაგრამ, თქვენ არ შეგიძლიათ ინფორმაცია გამოიყენოთ სხვა მიზნებისთვის. ამას აკეთებთ მხოლოდ კონტაქტების მიდევნებისთვის.

მოდით ახლა სხვა მაგალითი განვიხილოთ, რომელიც შეიძლება ძნელი სამართავი იყოს – როდესაც თქვენ იგებთ პირად ინფორმაციას თქვენი ნაცნობის შესახებ. წარმოვიდგინოთ, რომ COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან ინტერვიუს დროს

ის გიყვებათ ხალხის შესახებ, რომელთანაც წვეულებაზე ჰქონდა კონტაქტი და აქედან

რამდენიმე ადამიანი თქვენი უმცროსი ძმის თანაკლასელი აღმოჩნდა. ასეთი რამ თავისუფლად შეიძლება მოხდეს, ვინაიდან, მაგალითად ამერიკაში, კონტაქტების მკვლევარები ხშირად ის ადამიანები არიან, რომლებიც იმავე თემში ცხოვრობენ, რომელსაც ეხმარებიან. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, სამუშაოს შესრულებისას თქვენი ნაცნობის შესახებ პირად ინფორმაციას გადაეყაროთ და შეგაშფოთოთ თქვენს სანაცნობოში COVID-19-ით დაავადებული ადამიანების შესაძლო არსებობამ. ამ შემთხვევაში, უნდა გააფრთხილოთ თუ არა თქვენი უმცროსი ძმა, თავი შეიკავოს იმ მეგობრებთან კონტაქტისგან, რომელთაც შეხება ჰქონდათ დადასტურებულ შემთხვევასთან? ცალსახად, პასუხია არა, ვინაიდან კონტაქტების მიდევნებისას მიღებული  ნებისმიერი  სახის პირადი ინფორმაციის  გამჟღავნების, თქმის  უფლება თქვენ არ გაქვთ არც თქვენი ოჯახის წევრებისთვის და არც თქვენი მეგობრებისთვის. ყველაფერი, რასაც კონტაქტების მიდევნების და შემთხვევების კვლევისას შეიტყობთ, უნდა დარჩეს იმავე სივრცეში – მხოლოდ თქვენი პროფესიული ცხოვრების ნაწილად. ამის განხილვა არ შეგიძლიათ არავისთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კონტაქტების მიდევნების მიზნებს ემსახურება.

მოდით კიდევ ერთი სცენარი განვიხილოთ, რომელსაც კონტაქტების მიდევნებისას შეიძლება გადაეყაროთ – როდესაც დადასტურებული შემთხვევა ან კონტაქტი არალეგალურად იმყოფება ქვეყანაში. წარმოვიდგინოთ, რომ, მაგალითად, COVID-19-

ის დადასტურებულ შემთხვევასთან, ასაკოვან პირთან, ინტერვიუს დროს თქვენ იგებთ,

რომ მისი ერთ-ერთი ახლო კონტაქტი მისი შინამოსამსახურეა, რომელიც მის სახლში

დადის კვირაში სამჯერ და დალაგებასა და საჭმლის მომზადებაში ეხმარება. წარმოიდგინეთ, რომ ამ შინამოსამსახურეს მიაგენით. გამოკითხვისას ის გიყვებათ, რომ კიდევ ორ სხვა ასაკოვან პაციენტს უწევს იმავე მომსახურებას ყოველკვირეულად. ამავდროულად, იგი გიმხელთ, რომ ის არალეგალურად იმყოფება ქვეყანაში და, როდესაც თქვენ სთხოვთ კარანტინში ყოფნას, ის გპასუხობთ, რომ მას ამის საშუალება არ აქვს, ვინაიდან ვერ მიიღებს ანაზღაურებას, თუ არ იმუშავებს. ორი შეკითხვა მაქვს თქვენთან: როგორ შეიძლება დაარწმუნოთ ქალბატონი კარანტინის აუცილებლობაში და უნდა გამოიძახოთ თუ არა იმიგრაციის სამსახური ან პოლიცია, ვინაიდან ის არალეგალურად მუშაობს? პასუხი პირველ კითხვაზე, თუ როგორ უნდა დაარწმუნოთ ქალბატონი, არის შემდეგი: თავდაპირველად უპრიანი იქნება შესთავაზოთ დახმარება

იმ ორგანიზაციებთან დაკავშირებაში, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ საკვებითა და აუცილებელი საჭიროების პრობლემების მოგვარებით, სანამ მას სახლში უწევს დარჩენა, ვინაიდან, მუშაობის შეწყვეტის გამო, არ ექნება შესაძლებლობა ხარჯები თავად დაფაროს. ასევე, სასურველია შეახსენოთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია კარანტინში ყოფნა, რადგან იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ქალბატონი უვლის, სიკვდილის საფრთხე დიდია, თუკი ის მათ დააინფიცირებს. ზოგიერთი ქვეყნის იურისდიქციის მიხედვით, თქვენ საშუალება მოგეცემათ ამ ქალბატონს კარანტინში ყოფნა მოსთხოვოთ და ეს შეიძლება იძულებით აღსრულდეს. თქვენ ამის ახსნაც მოგიწევთ მისთვის, თუკი ასეთ ქვეყანაში მუშაობთ. დავუბრუნდეთ კითხვას ემიგრაციის სამსახურის და პოლიციის გამოძახების შესახებ. პასუხი არის „არა“. ქალბატონის ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის ფაქტი განეკუთვნება პირად ინფორმაციას და ის არ არის რელევანტური და მნიშვნელოვანი კონტაქტების მიდევნების პროცესისთვის. მთავარია, ის იმყოფებოდეს კარანტინში სხვათა დასნებოვნების თავიდან აცილების მიზნით; ამას კი არავითარი კავშირი არ აქვს მის ლეგალურად ყოფნის სტატუსთან. ასე რომ, კიდევ ერთხელ, „არა“, თქვენ არ გაქვთ უფლება გაუზიაროთ სხვას ასეთი ტიპის პირადი ინფორმაცია.

ვიდეო 4 – რატომ გვჭირდება ტექნოლოგიების გამოყენება კონტაქტების მიდევნებისას ამ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ რამდენიმე ტექნოლოგიაზე, რომლებიც კონტაქტების

მიდევნებაში გამოიყენება, ასევე, ტექნოლოგიის გამოყენების საჭიროებასა და მიღებული შესაძლო შედეგებით გამოწვეულ ეთიკურ მხარეზე. ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას პირადი ან კონფიდენციალური ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და კომუნიკაციისთვის. მოდით, ცოტა განვავრცოთ საკითხი. პირველ რიგში, რატომ ვიყენებთ ტექნოლოგიებს კონტაქტების მიდევნებაში? საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები ხშირად უკიდურესად შეზღუდულები არიან დროში. კონტაქტების მკვლევარებს რთული სამსახური აქვთ. ასე რომ, ნებისმიერი რამ, რაც მათ დატვირთვას შეუმსუბუქებს, სარგებლის მომტანი იქნება. ღონისძიებების სწრაფად, დროულად და სწორად დაგეგმვა ძალზე მნიშვნელოვანია COVID-19 კონტაქტების მიდევნებისას. ჩვენ ძალიან მოკლე დროში უნდა დავუკავშირდეთ ხალხს, რათა მოვახერხოთ მათთვის დახმარების გაწევა. ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს არსებითად გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის რამდენიმე ფუნქციის ქმედითობა და სისწრაფე, მათ შორის, ადამიანებთან დაკავშირების საკითხი. ჩვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგია მნიშვნელოვნად უნდა აუმჯობესებდეს კონტაქტების მიდევნების, შემთხვევების კვლევის და შემდგომი დაკვირვების პროცესებს, ახალი დიდი  თავსატეხების  გაჩენის  გარეშე.  ასე  რომ,  ისინი  უნდა  გამოვიყენოთ  მაშინ,

როდესაც ეს ჩვენს ძალისხმევას წაადგება და, ამავდროულად, არ გამოიწვევს თანმდევ მნიშვნელოვან პრობლემებს.

დაბოლოს, მინდა შეგახსენოთ გადამდებლობის პერიოდი, და რომ კონტაქტების გამოვლენის და მათთვის კარანტინში ყოფნის მოთხოვნის კუთხით,    ჩვენი შესაძლებლობის ფანჯარა საკმაოდ მცირეა. ჩვენ კი, ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ყოველივე ეს იმისთვის განვიხილეთ, რომ გვესმოდეს თუ რატომ გვჭირდება ყველა შესაძლო ინსტრუმენტის ჩართვაზე დაფიქრება; მაგალითად ისეთზე,, როგორიცაა     ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც ამ პროცესს, მაქსიმალურად დააჩქარებს.

ვიდეო 5 – თითოეულ ეტაპზე ტექნოლოგიის გამოყენების მაგალითები

ვინაიდან ტექნოლოგიას შეუძლია დაგვეხმაროს შემთხვევების კვლევასა და კონტაქტების მიდევნებაში, მოდით, განვიხილოთ მაგალითები, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება ამ პროცესის თითოეულ საფეხურზე. როდესაც ჩვენ ტექნოლოგიაზე ვფიქრობთ, უნდა გავიაზროთ, თუ როგორ გამოვიყენებთ მას შემთხვევების კვლევისა და კონტაქტების მიდევნების თითოეულ საბაზისო ეტაპზე. არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ დადასტურებულ შემთხვევასთან ინტერვიუს დროს მისი სიმპტომების შეფასებისას, მაშინ, როდესაც ვუწევთ დახმარებას, ვთხოვთ, რომ იზოლირდეს და გაიხსენოს ინფორმაცია კონტაქტების შესახებ. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ტექნოლოგიაზე, რომელიც შეიძლება კონტაქტების შეტყობინებების დასაგზავნად გამოგვადგეს და ისეთზეც, რომელიც შეიძლება გამოკითხვისთვის გამოვიყენოთ. ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას, მიმდინირე პროცესის მიდევნებას, კარანტინის მოთხოვნას და მხარდაჭერას.

პირველ რიგში, მოდით ვისაუბროთ შემთხვევების ელექტრონულ აღრიცხვაზე. როდესაც პაციენტს ან ვინმე სხვას COVID-19-ის ტესტი უტარდება, როგორც წესი, მათ შესახებ ცნობები რაღაც ტიპის ელექტრონულ სისტემაში შედის, რომლის მეშვეობითაც ხდება მათი ინფორმაციის ტესტის რეზულტატთან მიბმა. როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნებში აქვთ მონაცემთა ცენტრალური ბაზა, რომელშიც ლაბორატორიული  კვლევების შედეგები იყრის  თავს. მაგალითად, საქართველოში COVID-19-თან დაკავშირებული შემთხვევების ეპიდემიოლოგიური კვლევის რეგისტრაციისა და მართვისათვის ფუნქციონირებს დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა (EIDSS), რომლის მიზანია: შეიქმნას დადასტურებული შემთხვევების ეპიდკვლევის ბარათის ელექტრონული ჩანაწერი; შეიქმნას დაავადებულ პირთა და მათთან კონტაქტში მყოფ პირთა მონაცემთა ბაზა; მოხდეს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების დამუშავება, ანალიზი და ანგარიშების წარმოება; გარდა ამისა, უშუალოდ COVID-19-ის შემთხვევათა მართვისთვის დამატებით შექმნილია სისტემა სახელით Covid19-Incidents.

ზუსტი მექანიზმები განსხვავებული იქნება ქვეყნებს და რეგიონებს შორის, მაგრამ, ჩვეულებრივ, მონაცემთა ბაზაში სიის სახით ინახება ინფორმაცია ტესტირებულ ადამიანებზე. ამ მონაცემთა ბაზაში ხდება ლაბორატორიიდან დაბრუნებული ტესტის რეზულტატების მიბმა სიაში აღრიცხულ ადამიანებთან და ასე ხდება დადასტურებული შემთხვევების იდენტიფიკაცია.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ამ ნაბიჯზე იჩენს თავს სხვადასხვა ქვეყნებში, არის

ის,  რომ  დადასტურებული  შემთხვევების  შესახებ  ინფორმაციისა  და  მონაცემების

შეგროვებაზე საკმაო დრო იხარჯება. თუკი ამას ხელით აკეთებთ – ერთ ადგილას პაციენტის ინფორმაციას ეძებთ, სხვა ადგილას კი – ტესტების რეზულტატებს – ამან შეიძლება დიდი დრო წაგართვათ. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ტექნოლოგიურ საშუალებას წარმოადგენს დადებითი ტესტების ავტომატური და სტანდარტული წესით შემთხვევების მკვლევარებისთვის მიწოდება. არსებობს რამდენიმე აპლიკაცია, რომლებიც შემუშავდა ამ პროცესის სრული ავტომატიზაციისათვის, რათა არ მოგიწიოთ შემთხვევების მონაცემების ხელით მოძიება. ტექნოლოგიური საშუალებების დახმარებით უფრო სწრაფად მიიღებთ შედეგებს. ამის დამატებითი სარგებელი ისაა, რომ დიაგნოზის ან რეზულტატის მიღებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გუნდის მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზარს შორის დროის მონაკვეთი შემცირდება.

თქვენ, როგორც კონტაქტების მკვლევარს შეიძლება გადმოგეცეთ უკვე გამზადებული სია იმ კონტაქტებისა, რომლებსაც უნდა დაუკავშირდეთ. ეს სია ხშირად ელექტრონული აღრიცხვის სისტემიდან მოდის. გემახსოვრებათ, რომ სიმპტომების მონიტორინგი შემთხვევების მოკვლევის და კონტაქტებთან ურთიერთობის შენარჩუნების  მეტად  მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუ დადასტურებული შემთხვევბის, სიმპტომები უარესდება, შეიძლება დასჭირდეთ სამედიცინო კონსულტაცია, ხანდახან კი სასწრაფო დახმარება. მათი სიმპტომების  ცოდნა ოჯახის ექიმს  სჭირდება იმის დასადგენად, თუ როდის გამოჯანმრთელდნენ და როდის შეუძლიათ დაასრულონ იზოლაცია. კონტაქტების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, განუვითარდებათ თუ არა დაავადების ნიშნები ან სიმპტომები, რასაც შესაძლოა მოჰყვეს      შესაბამისი მეთვალყურეობის აუცილებლობა, ასევე მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ტესტი, ვინაიდან შესაძლოა ისინი COVID-19-ით დაავადებული შემთხვევა გახდნენ.

ასე რომ, სიმპტომების მონიტორინგი მნიშვნელოვანია როგორც  დადასტურებული შემთხვევების, ასევე კონტაქტების გამოვლენისას. პრობლემა ის არის, რომ სტანდარტულად ყოველდღიური სატელეფონო ზარით მონიტორინგს ძალიან ბევრი დრო მიაქვს ორივე მხარისთვის, ამიტომ კარგი იქნებოდა ისეთი აპლიკაციის შექმნა რომელშიც დადასტურებულ შემთხვევებს და კონტაქტებს თავად შეჰყავთ სიმპტომები მონაცემთა ბაზაში. ეს პროცესი შეიძლება ავტომატიზებული იყოს. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში, ყველა დადასტურებული შემთხვევა და კონტაქტი იღებს ყოველდღიურ ტექსტურ შეტყობინებას იმის გასარკვევად, აქვთ თუ არა მათ ცხელება ამ დღეს და, თუ აქვთ, რამდენი გრადუსი. ამან შეიძლება დრო დაგვიზოგოს. თქვენ არ გიწევთ სატელეფონო ზარის განხორციელება და მათთვისაც მოსახერხებელია სიმპტომების ყოველდღიური შეყვანა და მონაცემებისთვის თვალყურის დევნება.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება, უბრალოდ, გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ არსებობს განსხვავებული აპლიკაციები. სიმპტომების მონიტორინგის ასეთი   ტექნოლოგიური ინსტრუმენტის დამატებითი სარგებელი დროის მოგებაა, როგორც კონტაქტების მიდევნების გუნდისთვის, ისედადასტურებული შემთხვევისა და კონტაქტისთვის. მაგრამ, როგორც დადასტურებულმა შემთხვევებმა, ასევე კონტაქტებმა, უნდა იცოდნენ, რომ შეუძლიათ ნებისმიერ დროს აიღონ ტელეფონი და გაესაუბრონ თავიანთ კონტაქტების მკვლევარს  ან  ოჯახის  ექიმს  თუკი  დახმარებას  საჭიროებენ.  ეს  ვერ  ჩაანაცვლებს

დისკუსიებისა და სატელეფონო ზარების როლს კონტაქტების მკვლევარებსა და დადასტურებულ შემთხვევებს თუ კონტაქტებს შორის, მაგრამ ხელს შეგიწყობთ, თუკი მათთან ყოველდღიური საუბარი არ არის საჭირო. მოგეხსენებათ, რომ ადამიანებისთვის თვითიზოლირების და კარანტინის მოთხოვნით მათ დიდ ტვირთს ვაკისრებთ და ბევრ მათგანს შეიძლება ამაში დახმარება დასჭირდეს, მაგალითად, საკვების ან მედიკამენტების მიღებაში. ადამიანები უფრო მეტად დაემორჩილებიან იზოლაციისა და კარანტინის წესებს, თუკი ხშირად შეახსენებენ მათ ამის შესახებ. აქ პრობლემა კვლავ ის არის, რომ თუ ოჯახის ექიმი ან თქვენ ახორციელებთ ყოველდღიურ სატელეფონო ზარებს დადასტურებულ შემთხვევებთან ან კონტაქტებთან, ეს თქვენთვისაც და მათთვისაც დიდი დროის ხარჯვას ნიშნავს. შესაბამისად, ამის თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი ტექნოლოგიური საშუალება არის ტექსტური შეტყობინებების დაგზავნა დადასტურებულ შემთხვევებსა და კონტაქტებთან. ასე ჩვენ მათ შევახსენებთ, რომ ისინი კვლავ იზოლაციაში ან კარანტინში უნდა დარჩნენ და თუ რას ნიშნავს ეს.

ამ ავტომატიზებული შეტყობინებებით ასევე შესაძლებელია მათთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ სად და როგორ მიიღონ დახმარება, მომსახურებები საჭიროების არსებობის შემთხვევაში. ეს შეიძლება სასარგებლო ინფორმაცია აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტს შესაძლოა არ სჭირდებოდეს დახმარება პირველ ჯერზე, რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება გააცნობიერონ, რომ სინამდვილეში საჭიროებენ მხარდაჭერას, საკვების მიწოდებას ან სხვა მომსახურებას. ასე რომ, მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, თუ ვის მიმართონ, თუკი სჭირდებათ დახმარება. ასეთი ტიპის ავტომატური კომუნიკაციის დამატებითი სარგებელი ის არის, რომ კონტაქტების მკვლევართა გუნდი დროს დაზოგავს, ასევე დადასტურებული შემთხვევები და კონტაქტები მუდმივი დაკვირვების ქვეშ იქნებიან. თუკი თქვენ ამის კეთება ტელეფონით გიწევთ და თქვენს გუნდს ჩამორჩენა აქვს, შეიძლება გამოგრჩეთ დადასტურებული შემთხვევების და კონტაქტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.   ტექნოლოგიური   საშუალების   გამოყენება   კი   უზრუნველყოფს,   რომ არაფერი გაგვეპაროს სიჩქარეში.

კონტაქტების სწრაფი გამოვლენა მუდმივი გამოწვევაა და მკვლევარები   უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან. მაგალითად, დადასტურებულ შემთხვევებს შეიძლება არ ახსოვდეთ ყველა კონტაქტი ან არ უნდოდეთ მათი ვინაობის ინტერვიუერისთვის გამხელა პირადი ცხოვრების დეტალების გამჟღავნების შიშით. დადასტურებულ შემთხვევებს შეიძლება არ ახსოვდეთ ან არასწორად ახსოვდეთ თავიანთი კონტაქტების ტელეფონის ნომრები ან მისამართები. დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების შესახებ სწორი ინფორმაციის მოპოვებას საკმაო დრო სჭირდება და, მიუხედავად თქვენი ძალისხმევისა, შესაძლოა ყოველთვის ვერ მიიღოთ საჭირო ინფორმაცია, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მას მიიღებთ, დაგჭირდებათ დამატებითი დრო დასახელებული კონტაქტების მოსაძებნად და დასაკავშირებლად. შესაძლოა პირველსავე ზარს არ უპასუხონ და დამატებითი ძალისხმევა დაგჭირდეთ. არსებობს რამდენიმე დამხმარე ტექნოლოგია, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ თქვენი სამუშაოს შესრულების დროს. პანდემიის შესახებ სიახლეებს თუ ადევნებთ თვალს, იქნებ მოგიკრავთ ყური, თუ როგორ იყენებენ სხვა ქვეყნებში სმარტფონებს კონტაქტების სწრაფად დადგენის მიზნით. ასეთი ტიპის სისტემებს აშშ-ში და არც საქართველოში დღეისათვის არ იყენებენ, მაგრამ, ცნობისათვის, მოგიყვებით მათ შესახებ, რომ იცოდეთ, თუ რას წარმოადგენს და რით განსხვავდება ისინი სხვა ქვეყნებში გამოყენებული სისტემებისგან.

ისეთ ადგილებში, როგორებიც არის ჩინეთი და სამხრეთ კორეა, გამოიყენება ტელეფონის ნომრების და ადგილმდებარეობის მიხედვით შედგენილი მონაცემთა ცენტრალიზებული ბაზები. ამ ქვეყნებში სახელმწიფოსთვის ყველა მოქალაქის ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომია. თითოეულ მოქალაქეს მინიჭებული აქვს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც დაკავშირებულია მის სატელეფონო და სამედიცინო ჩანაწერებთან. მთელი ეს ინფორმაცია ცენტრალურ სერვერზე ინახება. ასე რომ, სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის მოძებნა: მისი ტელეფონის ნომერიც ცნობილია, ტელეფონებში შენახული მონაცემებიც. მათ იციან, თუ სად იმყოფებოდა ესა თუ ის მოქალაქე და ასევე ხელი მიუწვდებათ მათ სამედიცინო დოკუმენტაციაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებს სწრაფად შეუძლიათ დადებითი ტესტის რეზულტატის მქონე ადამიანების ბოლო კონტაქტებთან დაკავშირება და მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრა ტელეფონების GPS მონაცემებზე დაყრდნობით. ასეთი სცენარის დროს, როდესაც სახელმწიფოს სრული მონაცემები გააჩნია თქვენ შესახებ, ხოლო თქვენი ტესტის პასუხი დადებითია, მათ ხელეწიფებათ ტექსტური შეტყობინებების სწრაფი დაგზავნა

იმ ადამიანებთან, რომლებთანაც თქვენ ბოლოს გქონდათ კონტაქტი, ვინაიდან, თქვენი ტელეფონის მეშვეობით და GPS მონაცემებზე დაყრდნობით, მათ იციან, სად იყავით და ვინ იყო თქვენთან ერთად კონკრეტულ ადგილას. რა თქმა უნდა, ამ სისტემის დამატებითი სარგებელი კონტაქტების მონაცემების და მიდევნების მყისიერი განხორციელებაა. იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებს სრულ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დადასტურებული შემთხვევა აღმოჩნდით, მათ შეუძლიათ სწრაფად დაუგზავნონ ტექსტური შეტყობინებები ყველა იმ ადამიანს, რომელიც იგივე ადგილას იმყოფებოდა=, სადაც თქვენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთ ტექნოლოგიას დამატებითი გამოწვევები მოჰყვება. არსებობს ბევრი ქვეყანა, სადაც მოსახლეობა არ დაეთანხმება სახელმწიფოს მიერ მონაცემთა ცენტრალური ბაზის გამოყენებით მათთვის თვალყურის დევნებას. ეს ნამდვილად ასეა ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში. სადაც მთავრობას არ ხელეწიფება ჩვენს  გადაადგილებაზე  თვალყურის  დევნება  ტელეფონის გამოყენებით. ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ GPS ლოკაცია არ არის საუკეთესო საშუალება იმის დასადგენად, თუ ვისთან გქონდათ კონტაქტი. მაგალითად, ის ფაქტი, რომ თქვენ რამდენიმე წუთი გაატარეთ მაღაზიაში სხვასთან ერთად, არ ნიშნავს, რომ თქვენ მათთან ნამდვილად გქონდათ შეხება. ამიტომ, ეს არ არის კარგი მეთოდი კონტაქტების გამოსავლენად.   კიდევ ერთხელ, ეს სისტემა არ გამოიყენება აშშ-ში, თუმცა, ის სხვა ქვეყნებმა გამოიყენეს COVID-19-თან ბრძოლისას.

მიუხედავად ამისა, შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს სმარტფონებისთვის ისეთი აპლიკაციების შემუშავება, რომლებსაც შემთხვევის    კონტაქტების გამოვლენის მიზნით გამოიყენებენ. სმარტფონის მომხმარებლებს შეეძლებათ ჩამოტვირთონ აპლიკაცია რითიც დაუკავშირდებიან სხვა ტელეფონებს, რომლებშიც იგივე აპლიკაციაა ჩატვირთული. ბლუთუსის ტექნოლოგიის გამოყენებით, მომხმარებლებს მიუვათ შეტყობინება კონტაქტის შესახებ. კონტაქტში კი ვგულისხმობთ გადამდებ პირთან ერთი მეტრის დისტანციაზე ყოფნას 15 წუთზე მეტი დროის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ბევრი ადამიანი ჩამოტვირთავს ამ აპლიკაციას, ქალაქში გადაადგილებისას ეს აპლიკაციები ამოიცნობენ ერთმანეთს და     გაცვლიან ინფორმაციას კონტაქტში ყოფნის დროის ხანგრძლივობის თაობაზე. თქვენ არ გექნებათ   არანაირი   ინფორმაცია   სხვა   ადამიანების   შესახებ.   აპლიკაციაც   არ

შეაგროვებს ცნობებს იმის შესახებ, თუ ვინ არის ეს ადამიანი ან სად გქონდათ მასთან კონტაქტი. შესაბამისად, ეს ტექნოლოგია არ ეხება პირად ან კონფიდენციალურ ინფორმაციას.  საერთო ჯამში, ეს იმ ტელეფონებისა სიაა, რომლებშიც ეს აპლიკაციაა ჩატვირთული. როდესაც თქვენ ან ნებისმიერ იმ პირს, რომელსაც ეს აპლიკაცია აქვს ტელეფონში, COVID-19-ის დიაგნოზი დაესმება, შეგეძლებათ ამ ინფორმაციის შეყვანა და აპლიკაცია დაუყოვნებლივ და ავტომატურად გადასცემს ამ ცნობას თქვენთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანს. ამ სისტემის დამატებითი სარგებელი კონტაქტების ინფიცირების წყაროსთან კავშირის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების შესაძლებლობაა (მინიმუმ, ინფიცირებული ადამიანის მიერ ინფორმაციის შეყვანისთანავე). ასე კი მათ კარანტინში გადასვლის მითითება დროულად მიეცემათ. იდეალურ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებს აღარ დაეხარჯებათ დრო თქვენს მოძებნასა და ინფორმაციის გაზიარებაში. ამასთან, დადასტურებული შემთხვევის და კონტაქტების ვინაობა მუდამ კონფიდენციალური რჩება. თქვენ არ გეცოდინებათ, თქვენი კონტაქტებიდან ვინ არის კონკრეტულად ინფიცირებული.

ასეთი აპლიკაცია გამოსადეგია, მაგრამ მას თანმდევი საფრთხეებიც აქვს. არ არის ნათელი, თუ როგორ გამოიყენებენ ამ მონაცემებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები. ასევე, ამ აპლიკაციის ქმედითობა დამოკიდებულია მისი მომხმარებლების რაოდენობაზე. თუკი თქვენ ისეთ ადგილას ცხოვრობთ, სადაც ხალხი აპლიკაციას არ იყენებს, მაშინ ის ნაკლებად გამოსადეგი იქნება. ასევე, აპლიკაციის მეშვეობით იდენტიფიცირებული ყველა კონტაქტი, შესაძლოა, არ იყოს ინფიცირების რისკის ქვეშ. ეს კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია. როგორც მოგახსენეთ, ეს აპლიკაციები კვლავ დამუშავების ფაზაშია და ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ასეთი ტექნოლოგია არსებობს, ვინაიდან კონტაქტების მიდევნებისას თქვენ შეიძლება მისი გარკვეული ვერსიის გამოყენება მოგიწიოთ. იმისთვის, რომ ასეთი აპლიკაციები რეალურად ვარგისი და ქმედითი იყოს. მათ მიერ შეგროვებული მონაცემები რაიმე გზით უნდა გადაეცეს   საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებს ვიმედოვნებთ და ველით, რომ ეს მოხერხდება.

ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ასეთი შეტყობინების აპლიკაციის მუშაობის ქრონოლოგია, რომ წარმოდგენა შეგექმნათ მისი მუშაობის სქემაზე. წარმოიდგინეთ, რომ ამ წრეში თქვენი სახლია და თქვენ სმარტფონი თან გაქვთ, რომელშიც ასეთი აპლიკაცია გაქვთ ჩატვირთული. თქვენთან მცხოვრებ ორ ადამიანსაც უყენია ის თავის სმარტფონში. როდესაც თქვენ სახლში ხართ, ეს აპლიკაციები ერთმანეთს უკავშირდება და აფიქსირებს, რომ თქვენ კონტაქტი გაქვთ ერთმანეთთან. წარმოვიდგინოთ, რომ მატარებლით მგზავრობთ სამსახურამდე. თქვენ რამდენიმე ახლო კონტაქტი გექნებათ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენგან   ერთი მეტრით იყვნენ დაშორებულები მატარებელში ყოფნისას. შესაძლოა, თქვენ ასევე უშუალო კონტაქტი გქონდეთ იმათთანაც, ვინც, სავარაუდოდ, ერთ მეტრზე მეტი დაშორებით არის, მაგრამ, თქვენ ერთად ხართ მატარებელში, და ვთქვათ, ერთი საათის განმავლობაში ერთად მგზავრობთ. ამის შედეგად, მათ ტელეფონით, შესაძლოა, მიიღონ შეტყობინება, რომ მათ უშუალო კონტაქტი ჰქონდათ თქვენთან. სამსახურში მისვლისასაც გექნებათ დამატებითი ახლო და უშუალო კონტაქტები. თუკი თქვენს თანამშრომლებს, რომლებიც სამუშაო დღის განმავლობაში იმავე სივრცეში იმყოფებიან, რომელშიც თქვენ ხართ, ეს აპლიკაცია აქვთ ჩატვირთული, მათი ტელეფონები თქვენ შორის კონტაქტს დაარეგისტრირებს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მათთან ერთ მეტრზე ახლოს არ ყოფილხართ. იგივე მოხდება, როდესაც თქვენ

სამსახურიდან სახლში დაბრუნდებით. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მეორე დღეს დილით იღვიძებთ ცხელებით და ავად ხდებით. თქვენ შეგყავთ ეს ინფორმაცია აპლიკაციაში და მისი მეშვეობით ეს შეტყობინება დაეგზავნება ყველას, ვინც თქვენთან ფიზიკურად ახლოს იყო ან ვისთანაც უშუალო კონტაქტი გქონდათ და მათ კარანტინში გადასვლას მოსთხოვს. ნათელია, რომ ასეთი აპლიკაცია დააჩქარებს კომუნიკაციის პროცესს ახლო და უშუალო კონტაქტებთან, მაგრამ, თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ რამდენიმე საკითში, მათ შორის იმაში, რომ ინფორმაციის შემყვან პირს COVID-19 ნამდვილად აქვს. ასეთი აპლიკაცია დაკავშირებული უნდა იყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებსა და ტესტების რეზულტატების ბაზასთან. თქვენ ასევე დაგჭირდებათ იმის ცოდნა, თუ ვინ არიან ეს კონტაქტები, რათა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებმა მოახერხონ მათი მეთვალყურეობა და უზრუნველყონ მათთვის კარანტინის და იზოლაციის საჭირო ინსტრუქციების მიწოდება და, ასევე, ამასთან დაკავშირებული სავარაუდო სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ გამოსადეგ ტექნოლოგიებზე, სასურველია რამდენიმე რამ გვახსოვდეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციების ეფექტურობა დამოკიდებულია საზოგადოების ნდობაზე. ასე რომ, ნებისმიერი სახის ტექნოლოგიას, რომელსაც ჩვენ შემთხვევების კვლევის და კონტაქტების მიდევნების მხარდასაჭერად გამოვიყენებთ, საზოგადოება უნდა ენდობოდეს, უნდა იცოდნენ, რომ ამ საშუალებებს მათ დასახმარებლად ვიყენებთ. შესაძლოა ჩვენ გვინდოდეს ტექნოლოგიის გამოყენება კონტაქტების მიდევნების მხარდაჭერის მიზნით, მაგრამ, ქვეყანას ხელი არ მიუწვდებოდეს ასეთ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებზე. ზოგ ადამიანს შესაძლოა არ ჰქონდეს სმარტფონი. ბევრს სახლში არ აქვს კარგი ინტერნეტი. ასე რომ, ჩვენ მიერ გამოყენებული ნებისმიერი სახის ტექნოლოგია უნდა იყოს პრაქტიკულად გამოსაყენებელი და იმ ადამიანებს მორგებული, რომელთა დახმარებასაც ვცდილობთ. დაბოლოს, ხანდახან, იმის ცოდნა, რომ ადამიანები ახლოს იყვნენ COVID-

19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან,   და მათთვის ტექსტური შეტყობინების გაგზავნა კარანტინში ყოფნის მოთხოვნით, საკმარისი შეილება არ აღმოჩნდეს მათ დასარწმუნებლად, რომ შეწყვიტონ სხვებთან კონტაქტი და იყვნენ კარანტინში. ასე რომ, გახსოვდეთ: მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური ინსტრუმენტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშემწყობია (მაგალითად, შეტყობინების სწრაფად გაგზავნით), ისინი ვერ ჩაანაცვლებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის როლს მოსახლეობის მხარდაჭერაში იზოლაციისა და კარანტინის წარმართვისას.

ვიდეო 6 – შეჯამება

მოდით მოკლედ შევაჯამოთ, თუ რა ვისწავლეთ კონტაქტების მიდევნების ეთიკასა და რამდენიმე ტექნოლოგიური ინსტრუმენტის შესახებ. კონტაქტების მიდევნება საზოგადოებრივ სიკეთეს წარმოადგენს. ის უკვე საუკუნეა, რაც გამოიყენება მოსახლეობის ისეთი დაავადებით ინფიცირების რისკის შესამცირებლად, როგორიც არის ტუბერკულოზი. კონტაქტების მიდევნებისას უნდა შევძლოთ ბალანსის დამყარება პირადი ცხოვრების, ავტონომიის, კონფიდენციალურობის უფლებებსა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაზრდას შორის. კონტაქტების მკვლევარები ყურადღებით უნდა მოეკიდონ აღნიშნული ბალანსის დაცვას და არ უნდა დაავიწყდეთ

ის, რომ მათ უნდა დაიცვან პირადი ცხოვრებისა და კონფიდენციალურობის უფლებები

დადასტურებული შემთხვევებისა და კონტაქტების გამოკითხვისას. გახსოვდეთ, რომ კონტაქტების მკვლევარებს ხელი მიუწვდებათ პირად და კონფიდენციალურ ინფორმაციაზე,  მაგრამ  ამის  გამოყენება  მათ  მხოლოდ  კონტაქტების  მიდევნების

მიზნებისთვის შეუძლიათ. დაბოლოს, ტექნოლოგიურმა ინსტრუმენტებმა შესაძლოა გაგვიადვილონ შემთხვევების და კონტაქტების კვლევა მაგრამ ეს პროცესი მხარდაჭერილი უნდა იყოს ტრადიციული კონტაქტების მიდევნების მეთოდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ საზოგადოების ნდობის შენარჩუნება.

ტესტის შესავსებად გაიარეთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია


ჩამოსატვირთი

პრეზენტაცია
ლექციის ტექსტი